ახალი ამბები
გორში ,,წესრიგის დამრღვევებმა" ჯარიმის გადახდას იზოლატორში ყოფნა არჩიეს
ის 4 პირი, რომელიც გუშინ საღამოს გორში დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში 10 დღემდე ვადით დარჩებიან.

მამაკაცებმა ჯარიმის გადახდას, პატიმრობა არჩიეს. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვეს. ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდე ითვალისწინებს.

მოსამართლის თანაშემწე აცხადებს, რომ პოლიციელებმა სასამართლოში პატიმრობის მოთხოვნა დააყენეს.

გორის მოსამართლე ნინო შარაძემ ყველა მათგანს პატიმრობა (10-დღემდე ვადით) შეუფარდა. ადმინისტრაციული სახდელის შესახებ გადაწყვეტილება მან დღეს მიიღო.

გორის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დაკავებულებს ოქმები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, შეადგინეს, რაც ხულიგნობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს.
გარდა ამისა, ორ შემთხვევაში, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა, 173-ე მუხლიც იქნა გამოყენებული.

პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ხულიგნური ფაქტის აღკვეთისას სამართალდამრღვევები პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ, ყვიროდნენ, იგინებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საქმე როდესაც სასამართლოში იგზავნება, ინფორმაციის გაცემა უკვე სასამართლოს პრეროგატივაა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები