ახალი ამბები
მეტეხში დაინფიცირებული მამაკაცი წინა დღეს მეფრინველეობის ფაბრიკაში იმყოფებოდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში იმ კონტაქტების მოძიება დასრულდა, რომელიც ერთი ოჯახის 5 წევრს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა.

კონტაქტში მყოფი 47 მოქალაქის იდენტიფიკაცია მოხდა. მათგან 32 პირის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს. ყველა მათგანს თვითიზოლაციაში ყოფნა ურჩიეს.

შეგახსენებთ, 9 ივნისს, რეპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარს, რომელიც სოფელ მეტეხში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდგინდა. კვლევის შემდეგ, კორონავირუსი მისი ოჯახის სხვა, 4 წევრსაც დაუდგინდა.

გაირკვა ისიც, რომ სანიტრის მეუღლე მეფრინველეობის ფაბრიკაში იყო.

,,კი, როგორც მე ვიცი, ყოფილა იქ, ოღონდ ამ კაცს მუშაობა უნდა დაეწყო მეფრინველეობის ფაბრიკაში. უკვე მუშაობდა თუ არა, არ ვიცი." - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა იოსებ მარღიშვილმა.

QARTLI.GE დაუკავშირდა  მეფრინველეობის ფაბრიკის ხელმძღვანელს, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნული მამაკაცი არ მუშაობს მეფრინველეობის ფაბრიკაში.

,,ერთ-ერთი ადამიანი, ვისთანაც დაინფიცირებულ მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა, მართლაც მეფრინველეობის ფაბრიკის თანამშრომელია. როგორც დავადგინეთ, მხოლოდ, ეს ერთი ადამიანი უნახავს ფაბრიკაში. მას თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მივეცით. საბოლოო ჯამში, 47 კონტაქტი დავადგინეთ. ნიმუშები 32 ადამიანისგან ავიღეთ. გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი" - გვითხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა..
Print

სტატიის გამოყენების პირობები