ახალი ამბები
ყინწვისში მარმარილოს ქვები აიყრება - სანაცვლოდ მასშტაბური პროექტი დაიწყება
ყინწვისის წ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მარმარილოს იატაკს გამოცვლიან. ამის სანაცვლოდ, სამონასტრო კომპლექსში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება.

მარმარილოს იატაკის გამოცვლაზე თანხმობა რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იობმა უკვე განაცხადა. ჭაობისფერი ქვები 2019 წელს სასულიერო პირების დაკვეთით და ძეგლთა დაცვის სამინისტროთან შეუთანხმებლად 2019 წელს დააგეს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები ფონდ ,,ქართუსგან" გამოიყოფა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება კომპლექსის ყველა ეკლესიას, ასევე, გარემონტდება გალავანი, მოეწყობა ავტოსადგომი, შეიცვლება იერსახე და, რაც მთავარია, მთავარი ეკლესიის იატაკი დაიბრუნებს პირვანდელ სახეს:

,,როდესაც დავიწყებთ მუშაობას, ვნახავთ იატაკის ფენებს. მარმარილო გამოსაცვლელია. მის ქვეშ რაცაა, ისიც, იმიტომ, რომ 60-იან წლებში დაგებული ქვებია. ჩვენ მაგ ქვების ქვეშაც არსებულ სიტუაციას ვნახავთ, რადგან შესაძლოა მესამე ფენაში იყოს პირვანდელი იატაკი." - ამბობს კომპანია ,,იკორთა 2007"-ის არქიტექტორი თენგიზ გაბუნია, რომელიც რესტავრატორების ჯგუფს უხელმძღვანელებს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ სამონასტრო კომპლექსის სრული რესტავრაციისთვის თანხას ფონდი ,,ქართუ" გაიღებს:



,,როდესაც არქიტექტორები დაამთავრებენ პროექტზე მუშაობას, მაშინ უკვე გვეცოდინება სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის ოდენობის შესახებ, რომელშიც დიდ წვლილს ფონდი ,,ქართუ" გაიღებს" - ამბობს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე.

2020 წლის 16 ივნისს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიაძემ ხელი მოაწერა ოქმს, რომლის თანახმად შპს ,,იკორთა 2007" რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტის შესადგენად მიიწვიეს.

არქიტექტორებმა კვლევა რამდენიმე თვეში უნდა დაასრულონ. გეგმის მიხედვით, შემდეგი სამუშაოები ჩატარდება:

წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში: შიდა სივრცისა და ფასადების რეაბილიტაცია (გამაგრება, აღდგენა, გაწმენდა და ა.შ.) სახურავის შეცვლა; კარნიზების შეცვლა-აღდგენა; სარკმელებისა და კარებების შეცვლა; იატაკის შეცვლა; შიდა ელ. გაყვანილობის მოწყობა; - დასავლეთის მინაშენი - აღდგენა-რეაბილიტაცია, სართულშუა გადახურვის კონსტრუქციული გამაგრება (მოხდეს მხატვარ-რესტავრატორის ზედამხედველობით); სამხრეთ მინაშენის ჯვრული კამარის - აღდგენა - რეაბილიტაცია; ჩრდილოეთ მინაშენის - კონსერვაცია; - ჩრდილო -აღმოსავლეთის გვიანდელი მინაშენის ( სათავსო) - დაშლა (დემონტაჟი); - სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სარინელის შეცვა;

ღვთისმშობლის ეკლესიაში არსებული გარშემოსავლელის გაფართოება (რეკონსტრუქცია); წმინდა გიორგის ეკლესიაში კი სახურავს შეცვლია, მოაწყობენ სარინელსა და წყალგადამყვანი არხს;

გალავანი - მოხდება მთავარი შესასვლელისა და გალავნის გადატანა (ადგილზე დაზუსტებით) და ახალი კარიბჭისა და გალავნის მოწყობა; ძველი გალავნის აღმოსავლეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია;



სამონასტრო კომპლექის ტერიტორიაზე მოწყობა ღია ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა (ბუნებრივი ქვა) და სამი საპირფარეშო (ერთი ადაპირებული შშმ პირებისთვის). სამონასტრო მაღაზიას გადაიტანენ. ახალი მაღაზიისთვის დიზაინსა და ადგილს შეარჩევენ.

მონასტრის ეზო შემოიფარგლება მსუბუქი ღობით (ლითონის ბადე-ცხაური, დეკორატიული ხის ღობე ან სხვა მსგავსი) და კარით ( წყაროს მიმდებარედ); წყაროს დიზაინი შეიცვლება. სკვერში ახალი სკამები და ურნები დაიდგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები