ახალი ამბები
კასპში 11-წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე მძღოლი 5 წლით დააპატიმრეს
კასპში, ავტოსაგზაო შეჯახების საქმეზე, რა დროსაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა, სასამართლო განხილვა დასრულდა. 30-წლის მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საბოლოო ვერდიქტის მიხედვით, ქალაქ კასპში, მდინარე ლეხურას სანაპიროზე, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. შებინდებისას 11 წლის გოგონას შეეჯახა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მანქანა 78 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ნაცვლად დაშვებული 60 კმ/სთ-სა. სასამართლომ გაიზირა ექსპერტიზის მოსაზრება, რომლის მიხედვით, თუკი მძღოლი დაშვებული სიჩქარით იმოძრავებდა, ბავშვის გარდაცვალების ფაქტი თავიდან იქნებოდა აცილებული.

ადვოკატების აზრით, მძღოლს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო, ხოლო მის მოქმედებაში კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს.

ამის დასასაბუთებლად ადვოკატებმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური და ვიდეოექსპერტიზის სამი დასკვნა წარადგინეს.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სამუხრუჭე მანძილი მანქანასა და ბავშვს შორის, იყო 33 მ, რაც საკმაოდ მცირე მანძილია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

თუმცა, უზენაესმა სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის მიერ გაცემულ სატრანსპორტო-ტრასოლოგიურ და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს.

ამ დასკვნის მიხედვით, როდესაც მძღოლის წინაშე საფრთხე წარმოიქმნა, მაშინ ავტომობილი დაჯახების ადგილიდან დაშორებული ყოფილა დაახლოებით 51 მეტრი მანძილით.

ექსპერტი ამბობს, რომ თუ მძღოლი დაშვებული სიჩქარით იმოძრავებდა, მაშინ მისთვის საკმარისი იქნებოდა 42 მ მანძილით დაშორებაც კი. დაშვებული სიჩქარე კი, აღნიშნულ მონაკვეთზე 60 კმ/სთ-ია.

ექსპერტის მიერ სპეციალური ფორმულის გამოყენებით, გამოთვლილ იქნა ავტომანქანის მოძრაობის სიჩქარე, რამაც შეადგინა 78 კმ/სთ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები