ახალი ამბები
,,გორმედში" სათვალთვალო კამერები პაციენტების ოთახებში დააყენეს
,,გორმედის" კლინიკაში სათვალო კამერები იქ დააყენეს, სადაც პაციენტები წვანან.

ამის შესახებ Qartli.ge-ს ერთ-ერთი პაციენტის ახლობელმა აცნობა. მისი ინფორმაციით, ირღვევა პაციენტის უფლებები და საკითხის გარკვევაში დახმარება გვთხოვა.

საუბარია ე.წ. ინტენსიური განყოფილების პალატებზე, სადაც ერთდროულად რამდენიმე, ადამიანი წევს.

პირადი სივრცის სავარაუდო ხელყოფის ფაქტზე Qartli.ge კლინიკის მენეჯერს, ვასილ ჭეიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს საკითხი რამდენიმე ხნის წინ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გაიარა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო პაციენტის პირადი სივრცე.

,,პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის, რომ კამერები აყენია ისე, რომ არ ჩანს პაციენტის სახე. მას ვაკონტროლებ, მხოლოდ, მე. ხელმისაწვდომობა სხვებისგან აბსოლუტურად დაცულია. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის უნდა იყოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ექიმს ან ექთანს ადანაშაულებენ უყურადღებობაში, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, აღნიშნულ თემაზე კითხვის ნიშნები არ იყოს. რაც შეეხება კამერებს, აყენია იქ, სადაც არის საჭირო. ეს არის როგორც ინტენსიური მკურნალობის განყოფილება, ასევე, რეანიმაციული განყოფილება." - აცხადებს ვასილ ჭეიშვილი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინტენსიური მკურნალობის დარბაზთან არის სამედიცინო პერსონალის, მედდების შუშებიანი ოთახი, ე.წ. პოსტი. კლინიკის მენეჯერს მიაჩნია, რომ ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც შესაძლოა მედდას ან ექიმს გამოეპაროს გარკვეული დეტალი:

,,საუბარია დარბაზზე, სადაც 20 პაციენტი წევს. არ გვინდა დავუშვათ ისეთი სიტუაცია, როდესაც სამედიცინო პერსონალმა გულგრილობა გამოიჩინოს ან ელემენტარულად თვალი მოხუჭოს. იმასაც ვფიქრობთ, რომ კამერა დავაყენოთ პოსტთან. ჩვენი უპირველესი მიზანია პაციენტის და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა" - განმარტავს ვასილ ჭეიშვილი.

Qartli.ge სახელმწიფო ინსპექტორის აპარატსაც დაუკავშირდა. პრეს-სამსახურის ცნობით, კონკრეტულ შემთხვევაში შესწავლაა საჭირო.

,,ბუნებრივია, უნდა არსებობდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ჩვენს ვებ-გვერდზე მოქალაქეს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვწეროს, შესაძლებლობის ფარგლებში დაურთოს მტკიცებულება ფოტოს სახით და ჩვენ აუცილებლად შევისწავლით არსებულ ვითარებას. " - აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები