ახალი ამბები
,,გუბერნატორო, გვიშველე" - საკრებულოს სხდომაზე გამგეობის ანგარიში ჩააგდეს

 

საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 14 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში, მხოლოდ, 4-მა დეპუტატმა: ივანე არჩუაძემ, თემურ გიგუაშვილმა (ორივე ეროვნული ფორუმი) მევლუდ პურიჭამიაშვილმა და მარლენ ნადირაძემ (ორივე ,,ქართული ოცნება") მოიწონეს. დანარჩენმა 12-მა დეპუტატმა ,,ქართული ოცნებიდან" გამგეობის ანგარიში ჩააგდო.  

 

ოპოზიციამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

 

გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა პირველი შენიშვნა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარისგან, სოსო ვანიშვილისგან მიიღო. ვანიშვილმა საკრებულოს წევრებს კომისიის სხდომაზე მიღებული უარყოფითი დასკვნა გააცნო, ხოლო, ამის შემდეგ, ატენის წყალმომარაგების საკითხზე ჩავარდნილი, მილიონნახევრიანი პროექტის ამბავი გაუხსენა.

 

ატენის წყლის საკითხზე ექსპერტიზის უარყოფით პასუხს Qartli.gE-ს მკითხველი უკვე იცნობს.

 

,,მე რა ვქნა, მე რა გავაკეთო?" - უპასუხა სოსო ვანიშვილს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

 

 ატენის წყლის პროექტი სამხარაულის ექსპერტიზამ უკვე ორჯერ დაიწუნა. ამ დაუწნებაში 5 თვე გავიდა. ვანიშვილი ამბობს, რომ შემოდგომაზეც რომ გამოცხადდეს სამშენებლო ტენდერი, ატენის, ოლოზის, ბნავისისა და წედისის მილიონნახევრიანი პროექტის განხორციელება ვერ მოესწრება. თანხას კი რეგიონალური განვითარების ფონდი წლის ბოლოს უკან წაიღებს.

 

საკრებულოს წევრმა ლია კოვზიაშვილმა, რომელიც პროფესიით მშენებელია, ინფრასტრუქტურის სამსახურს ,,ტეხნადზორი" - ს მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა. გამგეობის სამშენებლო პროექტი, სწორედ, საბჭოთა კავშირის სტანდარტების მიხედვით ითვალისწინებს წყლის რეაბილიტაციას.

 

ინფრასტრუქტურის სამსახურს სოფელ ხიდისთავის წყლის პროექტიც შეახსენეს, რომლის დასკვნა კვლავ არ ჩანს. აღნიშნული სოფლიდანაა ლია კოვზიაშვილი. საკრებულოს წევრმა ზურაბ ყაჯრიშვილმა კი ამავე სოფლის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის საკითხიც ახსენა.

 

კერძოდ, სოფელ ხიდისთავის სამუსიკო სკოლის სახურავი 2015 წლის 16 ივლისს დაიწვა. ცეცხლის ჩაქრობის დროს კედლებიც დაზიანდა. 18 ივლისს გამგეობამ საკრებულოს დაჩქარებული წესით რიგგარეშე სხდომის მოწვევა და თანხის გამოყოფა სთხოვა. სხდომა რიგგარეშედ შეიკრიბა და გამგეობას დეფექტური ხარჯთაღრიცხვის და გამარტივებული შესყიდვის უფლება მიეცა.

 

2015 წლის 14 აგვისტოს კი, სხდომაზე გაირკვა, რომ ხიდისთავის სამუსიკო სკოლის სახურავის რეაბილიტაციაზე გამგეობას პროექტიც კი არ ჰქონდა შედგენილი:

 

,,ბატონო ალეკო, აბა რატომ შემაკრებინეთ საკრებულო რიგგარეშედ?" - ჰკითხა საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა ალეკო ვეშაპურს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს.

 

გამგეობის ინტერესებს მარლენ ნადირაძე (სოფელ ტინისხიდის წარმომადგენელი) იცავდა. მისი თქმით, სატენდერო პირობები კერძო კომპანიების წისქვილზე ასხამს წყალს და საჭიროა საკანონმდებლო დონეზე მისი დახვეწა. 

 

,,მე მივმართავ გუბერნიას, რომ ამ საკითხებზე მთავრობა ჩააყენოს საქმის კურსში და მოხდეს თუნდაც საკანონმდებლო დონეზე რაიმე ცვლილების შეტანა" - აღნიშნა მარლენ ნადირაძემ. მას სოსო ვანიშვილმა უპასუხა, რომ  გუბერნიაში და საკრებულოში გამგეობისგან დახმარების მოთხოვნის მიზნით წერილი არ შესულა.

 

გუბერნატორის ,,სიმაღლეების" გამოყენება მოითხოვა ოქრუაშვილის პარტიის წევრმა თემურ აფხაზაშვილმა.

 

,,საკანონმდებლო დონეზე" გუბერნატორის ჩართვა ისე მოითხოვეს საკრებულოს წევრებმა, რომ არ უხსენებიათ პარლამენტში რაიონის მაჟორიტარი თუ პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები: ვახტანშვილი, შიოშვილი და ხუბულური.

 

იხ. ვიდეო:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები