ახალი ამბები
როკის კვირაბი 31 ივლისამდე არ გაიხსნება
როკის გვირაბი 2020 წლის 31 ივლისამდე იქნება დაკეტილი. ამის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ მიიღო. მანამდე, შეზღუდვები 30 ივნისამდე იყო დაწესებული.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, გადაწყვეტილება მთავრობის წევრებს ოპერატიული შტაბის შეხვედრაზე გააცნეს. შეზღუდვები კორონავირუსთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში არსებულ მძიმე ვითარების გამო, გაგრძელდა

"ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთის ბევრ რეგიონში სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის შეღწევის პრევენციასთან დაკავშირებით, მე ვთავაზობ გახანგრძლივდეს საზღვრის დაკეტვა." - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარმა მარინა კოჩიევმა.

დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც სპეციალურად შემუშავებული გრაფიკის მიხედვით რუსეთიდან ცხინვალში ბრუნებიდან, ასევე, ოფიციალური დელეგაციების წევრებს, დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს, რუს სამხედროებს, ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო წასულ ან მოსულ ადამიანებს, ჯანდაცვის მომსახურების მიმღებ პირებს.

მიმოსვლა შეუძლიათ იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რომლებიც საკვების, მედიკამენტების, სამშენებლო და სხვა ტიპის საქონლის ტრანსპორტირებას ახდენენ.

ამავდროულად, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, კერძოდ, 1 ივლისიდან საბავშვო ბაღები დაიწყებენ მუშაობას და გაიხსნება საზაფხულო ბანაკები.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დღემდე აღირიცხულია კორონავირუსის 84 შემთხვევა, რომელთაგან 50 გამოჯანმრთელდა და გაწერეს სამედიცინო დაწესებულებიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები