ახალი ამბები
გორში ნაგვის მანქანამ ცოცხალი ძაღლი წაიყვანა
,,ძალიან დიდ ხმაზე ვუყვიროდით, მაგრამ მოგვისმინა ვინმემ?" - ეს იმ ბავშვების მონათხრობია, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს, როგორ წაიყვანა ნაგვის მანქანამ ნაავარიევი ძაღლი.

შემთხვევა გუშინ გორში მოხდა, კომბინატის დასახლებაში. თავდაპირველად, ინფორმაცია ამის შესახებ ნიკუშა მელნიკოვმა გაავრცელა. ეს ის ადამიანია, ქუთაისში მიუსაფარ ძაღლებს რომ უვლის.

გორში მომხდარ ფაქტს კი, თვითმხილველები ჰყავს.

,,დავრეკეთ თავშესაფარში და ვუთხარით, რომ თუ დროზე არ მოახდენდნენ რეაგირებას, ძაღლი მოკვდებოდა და გვიპასუხეს, რომ დარეკილია და მოვლენო. ველოდებოდით ამასობაში, მოვიდა ნაგვის მანქანა... ვუყვირეთ, რომ ძაღლისათვის ხელი არ მოეკიდათ; ვუთხარით, რომ ველოდებოდით თავშესაფრის მანქანას, მაგრამ არც კი მოგვისმინეს. ჩააგდეს ნაგვის ყუთში. ამოიყვანე დროზე ძაღლი მანდედან თქო! შემომხედა და ისევ თავის საქმე გააგრძელა..." - წერს თვითმხილველი, მარიამ კ. 

ფაქტის გახმაურების შემდეგ გორის მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის ხელმძღვანელი, თამარ აფციაური კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა:

,,ვესაუბრე სამსახურის უფროსს და მითხრეს, რომ ძაღლი უკვე მკვდარი იყო. ამის შემდეგ, სპეციალურ სამარხში გადმოყვანა ვთხოვე" - უპასუხა ბრალდებებს თავშესაფრის ხელმძღვანელმა. 

ცხოველთა დამცველები და ფაქტის თვითმხილველები იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, ვინც ცოცხალი ძაღლი ნაგვის მანქანით წაიყვანა და ამაზე რეაგირება ხელმძღვანელობას არ აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები