ახალი ამბები
ხოვლის სასმელი წყლის სისტემა [Photo]
ეს ფოტო ხოვლის ერთ-ერთ უბანშია გადაღებული წყალი ბუნებრივად პაიჭახევიდან მოდის. წყაროს ონკანთან ათობით ,,შლანგია" მიერთებული და თითოეულ მეზობელს ინდივიდუალური წყალი აქვს.

სოფლის წარმომადგენელი, ბაჩო ხუციშვილი გვეუბნება, რომ ასეთი ონკანები სოფელში 7 ადგილზეა, ანუ პაიჭახევის წყარო 7 ონკანში ნაწილდება, შესაბამისად, მცირე დებეტის გამო, წყალი ცოტა მოდის.

,,ეს შლანგები რაცაა, ეს გვერდით რომ ცხოვრობენ, მათმა გააკეთეს. სხვას არ უშლიან ხელს, მხოლოდ, იმიტომ გააკეთეს, რომ ხელით არ ეწვალონ" - განმარტავს სოფლის წარმომადგენელი.

იმის გამო, რომ მრავალკომლიან სოფელში სასმელი წყალი ჭირს, პაიჭახევის წყაროზე სხვა უბნებიდანაც მიდიან:

,,წყაროზე რომ მივედი, თავზე დამადგა ერთი ქალი. მელოდებოდა, როდის დავამთავრებდი წყლის ავსებას, რომ მერე შლანგი კვლავ მიეერთებინა თავის ეზოსკენ; რომ ვუთხარი, რატომ მაჩქარებ? ავავსებ და წავალ-მეთქი" - ამბობს მარიამ გალუსტაშვილი.

ხოვლის სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემა თითქოს მეორე წელია გვარდება. 2019 წლიდან სოფლის სათავე ნაგებობის, ავზის რეაბილიტაცია დაიწყო.

,,ამჟამად, ტენდერია გამოცხადებული. წინადებების მიღება 7 ივლისს მთავრდება, შემდეგ კომპანიების შერჩევა დაიწყება, სავარაუდო, გარკვეული პერიოდი დაჭირდება. გაკეთდება 1 კმ-იანი მილი, რომელიც ავზიდან სოფელში წამოვა. გაკეთდება ისე, რომ თვითნებური მიერთებები არ იყოს. ზოგადად ძალიან ჭირს წყალი სოფელში" - ამბობს ბაჩო ხუციშვილი, სოფლის წარმომადგენელი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები