ახალი ამბები
გორის რესურსცენტრის უფროსი პედაგოგებს ურჩევს, რომ უარი თქვან კოლექტიურ საჩუქრებზე
გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი უფრო მეტად მშობლებს ეხება, თუმცა პედაგოგს მიმართა. მისი განცხადება 24 ივნისს გამოქვეყნდა. მისი შინაარსი ასეთია:

,,ძვირფასო მასწავლებლებო, გასაგებია, რომ მშობლების ინიციატივაა ხოლმე ძირითადად, მაგრამ თქვენ დააფასეთ საკუთარი თავი და საკუთარი პროფესია, გთხოვთ და მოგიწოდებთ კიდეც - უარი თქვით კოლექტიურ საჩუქრებზე, ამით მხოლოდ საკუთარ ღირსებას შეინარჩუნებთ,
დამიჯერეთ და არ გინდათ ზაფხულისთვის დავალებად ტესტები, რომლებშიც ფულს გადაიხდის მშობელი! და საერთოდ გინდათ თუ არა ე.წ. საზაფხულო დავალებები, ან რა სახის შეიძლება ის იყოს, იქნებ ცოტა მეტად დავფიქრდეთ ამაზეც <3
პატივისცემით და სიყვარულით, თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი - მე.პოსტი გაზიარებას ექვემდებარება" - ციტატის დასასრული.

qartli.ge დაუკავშირდა რესურსცენტრის ხელმძღვანელს, რომელმაც განმარტა, თუ რას გულისხმობდა ამ განცხადებაში:

,,არაფერი ხდება ისეთი, რაც მანამდე არ მომხდარა, ან არ ხდებოდა, ზოგადად, სკოლაში. უფრო მეტიც, ის, რასაც ჩემი პოსტი ეხება, ბევრად უფრო მწვავე პრობლემა იყო გასულ წლებში და, მათ შორის, ჩემ ბავშვობაში და ალბათ თქვენს ბავშვობაშიც, ის, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობდნენ ხოლმე აქამდე, ახლა გახდა მსჯელობის თემა და ეს ცუდი სულაც არ მგონია. მე აქ არ მიგულისხმია რაიმე კონკრეტული შემთხვევა. თუმცა, დამერწმუნებით, რომ თითოეული თქვენგანი, ვგულისხმობ, თქვენს მსმენელს, თანამშრომელს, ნათესავებს, გარშემო მეგობრებს, ოჯახის წევრებს თუ მეზობლებს და ა.შ. ვყოფილვართ ისეთი ფაქტის მომსწრე, როდესაც მშობელს დაუჩივლია, რომ იცით რა? ჩემ კლასში ფული შეაგროვეს და მასწავლებელს საჩუქარი უყიდეს, დავუშვათ მე ფული არ მქონდა, ან სურვილი არ მქონდა და, ამის გამო, სხვა მშობლების მხრიდან გავხდი ბულინგის მსხვერპლი, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ან რაიმე განხილვის თემა გახდა ეს მშობელთა საზოგადოებაში, ანუ ადრესატი ამ პოსტისა, მართალია მასწავლებლები არიან, მაგრამ მშობლებს უფრო ეხება, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ, რომ მე თვითონაც მშობელი ვარ, ორი შვილი მყავს, მართლა მშობლების ინიციატივა არის ხოლმე. აბსოლუტურად, კეთილშობილური განზრახვაა იმიტომ, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ ან არ აცნობიერებენ იმას, რომ არც მეტი არც ნაკლები დანაშაულთან გვაქვს საქმე, რომ აღარაფერი ვთქვათ, დავუშვათ მასწავლებლის ღირსებაზე და ა.შ. რაზეც მე უფრო მეტად ყურადღება გავამახვილე. და როდესაც ვამბობ, რომ უარი თქვით კოლექტიურ საჩუქრებზე, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ვინმეს მიუტანეს საჩუქარი და არიქა ფინანსთა სამინისტროა ჩასარევი და ამ კონკრეტულმა მასწავლებელმა უკან უნდა დააბრუნოს საჩუქარი, არა! ერთ-ერთმა ფეისბუქმეგობარმა ასე გაიგო და ასეთი კომენტარი მოყვა. მე ვგულისხმობ იმას, რომ განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, უმჯობესი იქნება, რომ მასწავლებელმა წინასწარ დააფიქსიროს თავის პოზიცია, რომ აირიდოს თავიდან მსგავსი უხერხული შემთხვევები. წინასწარ, გაცნობის დროს გამოუცხადოს მშობლებს, რომ არასოდეს ხელს არ მოკიდებს კოლექტიურ საჩუქრებს. მართლა ცუდი გადმონაშთია. კიდევ ვიმეორებ, აღარაა იმ დოზით ჩვენს საზოგადოებაში, გავიზარდეთ მენტალურად, როგორც ეს ხდებოდა ჩვენს ბავშვობაში, ან უფრო გვიან 90-იან წლებში. მესმის, რომ ცალკეულ შემთხვევებს აქვს ადგილი, ამან შემაწუხა თორემ, ეს არ იყო კონკრეტული მიზეზით განპირობებული იმ წუთის აღშოთება. დიდი ხნის ნაფიქრი იყო, ზოგადად. ბუნებრივია და არაფერი ალოგიკური არ არის იმაში, რომ ხშირად ფიქრობენ პრობლემებზე, რომელიც სასკოლო საზოგადოებაში არის და სასკოლო საზოგადოებას უნდა აწუხებდეს. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრობლემა არის ეს." - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები