ახალი ამბები
პოლიციამ სურამში ცოლის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს
- თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები