ახალი ამბები
ქვემო ჭალაში რუსი სამხედროების მიერ ადგილობრივი მკვიდრის დაჭრის ფაქტს აშშ-ს საელჩო ეხმაურება
11 ივლისს საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე 33 წლის ზაზა გახელაძის დაჭრის ფაქტს ეხება.

რუსეთის სამხედროებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძეს ესროლეს. გახელაძემ ჭრილობა ქვედა კიდურის არეში მიიღო. შემდეგ კი, ცხინვალში გადაიყვანეს.

სროლა, რომელიც რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან განხორციელდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მოხდა.

,,ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ.

ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები