ახალი ამბები
გორში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ექიმის მიმართ დაიწყო
გორში, კორპუსის კიბეებზე ძაღლი მოკლეს. გამოძიებამ ნივთმტკიცების სახით სანადირო თოფი ამოიღო.

მეზობლები ხელს ქირურგ ალექსანდრე ხეთაგურს ადებენ.

,,ძაღლი აგრესიული იყო და თავს დამესხა, შემეშინდა, ვიფიქრე, რომ ცოფი ჰქონდა და მოგერიების მიზნით ვესროლე" - განუცხადა ჟურნალისტებს ლექსო ხეთაგურმა.

ალექსანდრე ხეთაგური დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სანადირო თოფი კი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შს სამინისტრომ გამოძიება ცხოველის მიმართ არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაიწყო.
ინციდენტს ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ამ ძაღლს კორპუსის მცხოვრებლები უვლიდნენ და ცოფის საშიშროების შემთხვევაში სხვა კუთხით უნდა მოქცეულიყო:

,,მედიცინის ყველა მუშაკმა ნაწილობრივ იცის ვეტერინარიის ანა-ბანა, მით უმეტეს ცოფის გამომხატველი ნიშნები. ეს ძაღლი იმ კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ეს კაცი. ცოფის შემთხვევაში მას უნდა სცოდნოდა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ძაღლს. ასეთ დროს ძაღლის იზოლაციაზე უნდა ეფიქრა და არა მკვლელობაზე რათა მომხდარიყო ძაღლზე დაკვირვება. ეს იგივე ექიმია, როგორც მე ახლა კოსმონავტი." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები