ახალი ამბები
გორში ვალერიან სიდამონ ერისთავის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
2020 წლის 19 ივლისს გორში ვალერიან სიდამონ ერისთავის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტალინის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოიფინეს მუზეუმის ფონდებში დაცული ნამუშევრები, რომელიც ქართველ მხატვარს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორს, ვალერიან სიდამონ ერისთავს ეკუთვნის.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი დაიბადა 1889 წელს ყვარელში. 1909-1915 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასახლდა კახეთში და ასწავლიდა ხატვას თელავში. 1915-1916 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ "საქართველოსთან", ქმნიდა კარიკატურებს და ჩანახატებს ყოფით და ალეგორიულ თემებზე, მუშაობდა წიგნის დიზაინზე.

1925-1943 წლებში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1938 წლიდან იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1922 წლიდან 1935 წლამდე მუშაობდა კინოს მხატვრად. 1923 წელს გააფორმა ზაქარია ფალიაშილის პირველი საოპერო დადგმა "დაისი" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

1929 წელს ირაკლი გამრეკელთან ერთად გააფორმა კოტე მიქაბერიძის ფილმი "ჩემი ბებია". 1940 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ხელოვანის სხვა ნამუშევრები დაცულია საქართველოს მუზეუმებსა (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმი, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმი და სხვ.) და კერძო კოლექციებში.





Print

სტატიის გამოყენების პირობები