ახალი ამბები
ქვახვრელში გველმა ორი ადამიანი დაკბინა

 

პაციენტების მდგომარეობა, ამჟამად, დამაკმაყოფილებელია. ჯანდაცვის ცენტრის რეგიონალური განყოფილების სპეციალისტებმა მათ უფასო აცრა ჩაუტარეს.

 

ერთი კვირის წინ, 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდას, შხამიანმა გველმა (ფოტოზე გამოსახული ანალოგიური გველი, სწორედ, ზედაველაზეა გადაღებული) ზედაველის ველზე უკბინა. 

 

,,დაახლოებით, ერთი მეტრის სიგრძის გველი იყო, მოწითალო ფერის. ფეხი დაადგა ჩემმა შვილმა. გველი დაიკლაკნა, თავი და ტანი მაღლა ასწია და ფეხზე სწვდა ჩემ შვილს. შემდეგ გამოეკიდა. ამ დროს, გვერდზე ვინც იყო, იმ ბიჭმა გველს ჯოხი მოუქნია და მოძრაობის მიმართულება შეუცვალა. გველმა თითქოს დააპირა მასაც გამოკიდებოდა, მაგრამ მერე გაგვეცალა" - უთხრა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პაციენტის მამამ.

 

იმ მომენტისთვის ყველა მათგანის ტელეფონის ბატარეა მუხტისგან დაცლილი იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ვერ უკავშირდებოდნენ. დაკბენილ ახალგაზრდას მავთული ფეხზე შემოახვიეს, რათა სისხლის მოძრაობა შეაჩერეს. ნაკბენის მიდამო ნელ-ნელა სივდებოდა.

 

ადგილზე შემთხვევით ადგილობრივმა მანქანით გაიარა, რომლის მეშვეობით სასწრაფო სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდნენ.  

 

ზედაველის ტერიტორია, სადაც სასაფლაოც მდებარეობს, მოწითალო ფერის შხამიანი გველების სამყოფელია. ადგილობრივებმა გადმოცემით იციან, რომ ეს ადგილი, კომუნისტების პერიოდში, სპეციალურად, ასეთი ტიპის შხამიანი გველების გასამრავლებლად გამოიყენეს. ამ გველებს იჭერდნენ და მათ შხამს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ იყენებდნენო. ამჯერად, კი შხამიანი გველი ისე გამრავლდა, რომ მათ სამკურნალოდ აღარავინ იჭერს.

 

სწორედ, აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოწითალო ფერის შხამიანი გველი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გასულ წელს დააფიქსირეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები