ახალი ამბები
კახა ტოლიაშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

 

ფოტოზე: კახა ტოლიაშვილი

 

 

ფოტოზე: გორის ორგანიზაციის წევრები ტოლიაშვილის გარეშე, 2015 წელი, 31 აგვისტო

 

,,პარტიის მომავალი განვითარების გეგმებთან დაკავშირებით თანაგუნდელებთან გარკვეული შეუთანხმებლობის გამო, გადავდექი" - გვითხრა ტოლიაშვილმა. ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ მოახლოებულ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ,,დაღლა" არ უნდა დასტყობოდა.

 

,,თუ დაიღალა, უმჯობესია, დაისვენოს და მერე გააგრძელოს პარტიაში მუშაობა. იმის უფლებაც აქვს ხელახლა მიიღოს მონაწილეობა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებში. ჩვენ მის ღვაწლს არ ვკარგავთ და ვაფასებთ, მაგრამ მომავალი არჩევნებისთვის დაღლილი ხელმძღვანელი არც ერთი პარტიისთვის იქნება მისაღები" - ამბობს პარტიის რეგიონალური ლიდერი ბადრი ბასიშვილი.

 

Qartli.gE-ის ინფორმაციით, კახა ტოლიაშვილსა და თანაგუნდელებს შორის არსებული უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გორის მუნიციპალიტეტის თემის გამგებლის დავით ონიაშვილის საქმიანობისადმი ტოლიაშვილის ლოიალური დამოკიდებულება გახდა.

 

,,მე კორუფციის ისეთი სერიოზული ფაქტები, როგორც გორის მერიაში, რაიონის გამგებლის მიმართ, არ შემხვედრია" - ამბობს კახა ტოლიაშვილი. ჩვენს კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა იგივე ტერმინებს ონიაშვილის მიმართ, როგორსაც გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილის მიმართ იყენებს (მაგალითად, უნიათო, არაფრის მაქნისი და ა.შ.), ტოლიაშვილი გვპასუხობს, რომ - არა.

 

ბადრი ბასიშვილი კი ამბობს, რომ გორის თემის გამგებელი დავით ონიაშვილი ისეთივე უნიათოა, როგორც ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.

 

,,ჩვენ ყველა ვხედავთ, რამდენი ჩავარდნილი და გაჩერებული პროექტია რაიონში, არაფერი კეთდება. თუ ყველა ხედავს, ეს პარტიის ხელმძღვანელმაც უნდა დაინახოს" - ამბობს ბასიშვილი.

 

კახა ტოლიაშვილი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ დაინიშნა. ის მუნიციპალიტეტის გამგებლის (ონიაშვილის კონკურენტად) კანდიდატად წარადგინეს. მოგვიანებით, რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბადრი ბასიშვილი აირჩიეს.

 

,,მაგ არჩევნებზე ჩვენს პარტიას ოქრუაშვილის პარტიამ აჯობა, ეს ხომ სირცხვილი იყო." - აცხადებს ბასიშვილი.

 

ჩვენს კითხვაზე,  თვლიდა თუ არა ბასიშვილი ღირებულ თავმჯდომარედ ტოლიაშვილს, ბასიშვილი გვპასუხობს, რომ ეს მის შეხედულებაზე არაა დამოკიდებული:

 

,,თავის დროზე ის ყრილობაზე აირჩიეს, ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და თვლიდნენ კიდეც, რომ ღირებული კანდიდატი იყო. დღესაც შეუძლია მონაწილეობა კვლავ მიიღოს არჩევნებში. რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება, მით უკეთესი პარტიისთვის." - განმარტავს ბასიშვილი.

 

ტოლიაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა ხელახლა კენჭს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ ცენტრალურ ოფისიდან ლევან თარხნიშვილი და ზურაბ მელიქიშვილი  ტოლიაშვილის მიმართ მხარდაჭერას და თანამდებობაზე შენარჩუნებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

 

სექტემბერში (თარიღი უცნობია) გორის რაიონული ორგანიზაცია თავმჯდომარის პოსტზე ახალ კანდიდატურებს: კახა ლობჟანიძეს, არჩილ საბიაშვილს და ზვიად ხმალაძეს წარადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები