ახალი ამბები
უკანწაღებული იმპიჩმენტები - შენარჩუნდება ერთიანობა გორში?

 

2 სექტემბერს თავისუფალი დემოკრატების 2-მა წევრმა: თამარ თედლიაშვილმა და დავით წეწვაძემ, ხოლო ,,ქართული პარტიის" 4-ვე წარმომადგენელმა: ილია მეტრეველმა, ლერი ლაფაჩმა, რამაზ იოსელიანმა და გიორგი ამბოკაძემ, ქალაქ გორის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ,,იმპიჩმენტების" დაყენების საკითხი უკან წაიღო.

 

განცხადებები თამარ თედლიაშვილმა დილის 10 საათზე კანცელარიაში დაარეგისტრირა. 10:10 წუთზე კი სამანდატო საპროცედურო კომისია დაიწყო. ახალი განცხადებების შესახებ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთმა წარმომადგენელმა საკრებულოში მინდია გოდერძიშვილმა არაფერი იცოდა.

 

კომისიის სხდომაზე მინდია გოდერძიშილმა უკმაყოფილოდ თქვა: ,,ყველაფერი გასაგებია"

 

ამის შემდეგ გადაინაცვლეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. იმპიჩმენტის მომხრე წევრებმა  იმპიჩმენტების პროცედურებზე უარი თქვეს. ისინი ამას 4 სექტემბერს გეგმავდნენ.

 

იმპიჩმენტუკანწაღებული წევრები ამბობენ, რომ 2 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე ხმების რაოდენობა აკლდებოდათ, რადგან მე-8 წევრი ზურაბ როსებაშვილი ,,ერთიანი ოპოზიცია - ნინო ბურჯანაძიდან" ოსლოში მივლინებით იმყოფება. სწორედ, ეს გახდა იმპიჩმენტების მოხსნის მიზეზი.

 

ილია მეტრეველი ამბობს, რომ 2 სექტემბრის რიგგარეშე სხდომა ,,ქართულმა ოცნებამ" სპეციალურად დაგეგმა, რათა ოპოზიციას ხმები დაკლებოდა.

 

,,როდესაც ჩვენ იმპიჩმენტის საკითხები დავსვით, ეს იყო 26 აგვისტო. საკრებულოს რიგითი სხდომა კი 4 სექტემბერს იყო ჩანიშნული, ზურაბ როსებაშვილი 4 სექტემბერს გამთენიისას ბრუნდებოდა და აპირებდა 4 სექტემბრის სხდომაზე დასწრებას. პირველ სექტემბერს მოულოდნელად ჩანიშნეს რიგგარეშე სხდომა" - აცხადებს ილია მეტრეველი.

 

თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ დღესდღეობით იმპიჩმენტების მოხსნის ამბავი ტრაგედია არ არის.

 

,,ამას მომავალშიც გავაკეთებთ. კანონი არ გვზღუდვას. იმ შემთხვევაში ვეღარ შევძლებდით 3 თვის განმავლობაში იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, თუკი კენჭისყრა გაიმართებოდა და ხმების რაოდენობა დაგვაკლდებოდა" - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

 

ნინო ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ ოპოზიციის მიერ 26 აგვისტოს შემოტანილი განცხადებების განხილვა და რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა, რეგლამენტის მიხედვით განხორციელდა.

 

რაც შეეხება ,,გადადებულ" იმპიჩმენტებს, ამ ეტაპზე უცნობია, რას იზამს ნაციონალური მოძრაობა და თვით ოსლოში გამგზავრებული გადამწყვეტი ხმის პატრონი - ზურაბ როსებაშვილი? მინდია გოდერძიშვილთან რომ ალასანიასი და ოქრუაშვილის პარტიის წევრებმა კონსულტაცია არ გაიარეს, ამის შესახებ პროტესტი საკრებულოს სხდომაზე გოდერძიშვილს აღარ დაუფიქსირებია.

 

საბოლოოდ, დღის წესრიგიდან მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტების საკითხი მოხსნილია და 4 სექტემბერს ამაზე ხელს აღარავინ ასწევს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები