ახალი ამბები
ტახტისძირში დაკავებული ერთი ადამიანი ევროკავშირის მისიის ძალისხმევით გათავისუფლდა - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ გვიან ღამით რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება დაკავებული პირის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა ,,მთავარი არხის" ინფორმაციით, ის სამხედრო პირია.

შს სამინისტროს ცნობით, ტახტისძირსა და ოკუპირებულ გვირგვინას შორის, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

,,უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. გუშინ ღამით ასევე მოხდა ერთი პირის უკანონო დაკავება. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რის შედეგადაც აღნიშნული პირი გათავისუფლებულია" - აღნიშნულია განცხადებაში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები