შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ხაშურში ბენზინმზიდ
ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო
ძალების დახმარება.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს შემთხვევის ადგილზე,
ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან, დაახლოებით, 70 მეტრის
მოშორებით, პარკინგზე, ცეცხლმოკიდებული 40-ტონიანი ბენზინმზიდი
ცისტერნა დახვდათ.
იყო ხანძრის გავრცელებისა და აფეთქების საშიშროება.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ოპერატიულად მოხდა უსაფრთხოების
ზომების მიღება, საპატრულო პოლიციამ გადაკეტა პერიმეტრი და საშიში
ზონიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა მოსახლეობა.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის
დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის
შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები