ახალი ამბები
უსწორმასწორო ღობე და დაშლილი საძირკველი რუისში
კომპანია ,,სამებამ", რომელმაც სოფელ რუისში სტადიონის მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო, რუისელებს უსწორმასწორო ღობე და დაშლილი ბეტონის საძირკველი დაუტოვა.

ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიის ანგარიშზე ერთი თეთრიც არაა გადარიცხული. ამავე დროს, შავ სიაში მოახვედრეს.

აღნიშნული კომპანია, გორის მუნიციპალიტეტში, გასულ წელს სხვა სახელით მუშაობდა. მერეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის დროს, გორის მერიამ სამუშაოების მხოლოდ 62% აუნაზღაურა, თუმცა შავ სიაში მისი შეყვანა არ მოითხოვა.

მომდევნო წელს კი, ,,სამებამ" ქარელში მოიგო ტენდერი.

საკონტაქტო ნომრები, რომლებიც კომპანიის ოფიციალურად აქვს მითითებული, დაბლოკილია და გაუქმებულია.

ეს ის სტადიონია, რომლის გვერდით, ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრომანქანების გასამართი სადგური უნდა ააშენოს. რუისელების ნაწილი პრეტენზიას აცხადებს იმის გამო, რომ ელექტროგასამართი სადგური სტადიონის ტერიტორიაზე შენდებოდა.

ქარელის მერი კი ირწმუნებოდა, რომ სტადიონისთვის საკმარისი ტერიტორია არსებობს და ახალგაზრდებისთვის მზად მალე იქნებოდა.

თუმცა, ფოტოებიდან ჩანს, რომ რკინის ბოძების ხაზი არ არის სწორხაზოვანი, ასევე, ბეტონის საძირკველი დაშლილია. ინსპექტირების ჯგუფის ცნობით, უხარისხო ბეტონის ნარევი გამოიყენეს.

კომპანია ,,სამება" 2019 წლის იანვარში დაფუძნდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მოვალეთა რეესტრში 2014 წლიდან იმყოფება. ის 2013 წელს ჯერ ,,საძირკველი 08"-ის, შემდეგ 2016 წლიდან შპს ,,გუმბათის", ხოლო 2019 წლიდან - ,,სამება"-ს დირექტორია.

შესყიდვების ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ,,გუმბათმა" 2019 წელს მერეთში საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაციას ვერ დაასრულა, თუმცა გორის მერიამ, ქარელის მერიისგან განსხვავებით, მთლიანი ღირებულების 62% გადაუხადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები