ახალი ამბები
,,გორმედის" 22 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
,,გორმედის" თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ყველა იმ მედპერსონალის ნიმუში გაიგზავნა, ვისაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ ექიმთან.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი 2020 წლის 7 აგვისტოს დაუდასტურდა.

ის გორის ჰოსპიტლის თანამშრომელია, ხოლო ,,გორმედის" კლინიკის მუდმივ შტატიან თანამშრომელს არ წარმოადგენს, თუმცა, ხათუნა შრუბის განმარტებით, პრევენციის მიზნით, კლინიკაში მაინც ღრმა ეპიდკვლევა ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფი სულ 87 ადამიანისგან ნიმუში აიღეს. 27 პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი მხოლოდ ერთ მედდას დაუდგინდა.

დანარჩენების პასუხებს 11 აგვისტოს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები