არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად
შემცირების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის
სუბსიდირების პროექტს განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
პრეს-სამსახური ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში,
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები,
რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული
ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად
შეისყიდიან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 1 კგ
არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით,
საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.
ცვლილებები შედის "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტშიც, რომლის
ფარგლებშიც, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი
საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის
შეძენის მიზნობრიობით.
სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც
რეგისტრირებული იქნებიან 2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის
ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით
შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.
ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 1 000 000
ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების
ვადა განისაზღვრება 12 თვით და სააგენტო განახორციელებს მხოლოდ
არასტანდარტული ვაშლის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო
სარგებლის თანადაფინანსებას.
სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ
სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო
გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ
სესხის გადახდის პარალელურად.
სტატიის გამოყენების პირობები