ახალი ამბები
რუსეთის სამხედროების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის პროცესი 20 აგვისტოს გაიმართება
სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი 20 აგვისტოს, ცხინვალში ჩანიშნული სასამართლოს მოლოდინშია. ოჯახს იმედი აქვს, რომ გატაცებულ მამაკაცს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის გაასამართლებენ და ჯარიმის სანაცვლოდ, საპატიმროს დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მღებრიშვილები აქციებს აანოსნებენ.

"დეპუტატმა გვითხრა ჯანმრელობის მხრივ კარგადააო. წითელი ჯვარი ამ დრომდე ვერ ახერხებს შესვლას. 20-ში ველოდებით მის გათავისუფლებას. როგორც გავიგეთ, მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ასამართლებენ და ღამურების ბრალდება მოიხსნეს. თუ არ გამოშვებენ, აქციებს გავმართავთ და არა მარტო მეჯვრისხევში, ცენტრალურ მაგისტრალსაც გადავკეტავთ",-აცხადებს ლეილა მღებრიშვილი.

ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება ზაზა გახელაძე, რომელიც სოფელ ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხესთან 11 ივლისს დააკავეს. ის დაკავებისას ოკუპაბტებმა ფეხში დაჭრეს. გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის თქმით, წითელი ჯვარი მის მონახულებას ისევ ვერ ახერხებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიერი დათო ქაცარავას თქმით, გახელაძეს 12 წლამდე, ხოლო მღებრიშვილს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები