ახალი ამბები
მწვანე ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საგრანტო პროექტი ცხადდება
სოციალური მეწარმეობით და მწვანე ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდების საგრანტო პროექტი ცხადდება.

პროექტი შემუშავებულია „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის - სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვისპირა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ CENN, Green Lane და KRDF.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება და სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების დამკვიდრების მხარდაჭერა.

სარეგისტრაციო პროცედურა მიზნად ისახავს დაინტერესებული ახალგაზრდების გამოკვეთას კახეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან, რომლებსაც სურვილი აქვთ, ჩაერთონ პროექტის აქტივობებში და გაიარონ თემატური ტრენინგები სოციალურ მეწარმეობასა და მწვანე ინოვაციებში.

პროექტში მონაწილეობა შეულიათ 19-დან 29-წლამდე ახალგაზრდებს.

გთავაზობთ სოციალურ და მწვანე ბიზნეს იდეებს სტარტაპერებისთვის:

ეკომეგობრული კაფე ან რესტორანი - კაფე ან რესტორანი, სადაც კერძები მხოლოდ ადგილობრივი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტებით მზადდება ;

მწვანე საჩუქრების მაღაზია - ამზადებენ საჩუქრებს მცენარეებისგან ან ბამბუკისგან, მაგალითად ბამბუკის კბილის ჯაგრისი და სხვ. ყიდიან სათესლე მასალებს, ამზადებენ ნატურალურ კოსმეტიკურ საშუალებებს (ვეგანური წარმოების ტუჩის ბალზამს, ლოსიონს, ბუნებრივ გამაჯანსაღებელ საშუალებებს).

ეკომეგობრული ტანსაცმლის წარმოება - ტანსაცმელი, რომელიც მზადდება გადამუშავებული მასალებისგან, ხელით ნაქსოვი და ნაქარგი ტანსაცმელი ნატურალური ქსოვილით; 

ეკომეგობრული მოგზაურობის პლენერი - აპლიკაცია, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ეკო ტურიზმს, რომლის საშუალებითაც ტურისტები იღებენ ინფორმაციას და გეგმავენ მოგზაურობას რეკრეაციულ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში;

ეკომეგობრული სათამაშოების მაღაზია - მაღაზია, სადაც იყიდება ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებული მასალებით დამზადებული სათამაშოები;

ეკო-საკონსულტაციო კომპანია - კომპანია, რომელიც ეხმარება მწვანე ბიზნესებს გახდნენ ან შეინარჩუნონ მდგრადი ბიზნესსტატუსი და განახორციელონ მეტი გარემოსდაცვითი აქტივობები.

უფრო დეტალურად სოციალურ და მწვანე ბიზნეს იდეების შესახებ იხ. ბმული
Print

სტატიის გამოყენების პირობები