ახალი ამბები
ჯირკველიშვილი ონიაშვილს 700 000 ლარს სთხოვს

 

როგორც ირკვევა, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღებით, გორის მუნიციპალიტეტის  სოფლებში რეგისტრირებული ბავშვებიც სარგებლობენ.

 

,,ჩვენ ამ ბავშვებს, რა თქმა უნდა, უარს ვერ ვეტყვით იარონ ქალაქის ბაღებში. გეგმით გათვალისწინებული გვქონდა, რომ მათთვის გაწეულ ხარჯებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტი დაფარავდა, მაგრამ გამგეობა არ მოდის თანამშრომლობაზე" - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

 

ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, გასული წლის შემოდგომაზე, თანხის გამოყოფის მოთხოვნის თაობაზე, წერილი გამგეობას გადაუგზავნა. გამგეობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მერიის ანგარიშზე ხარჯების გადარიცხვა. ამის მიზეზად, 2015 წლისთვის, რაიონის ტერიტორიაზე დაგეგმილი საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასახელდა.

 

გორის მუნიციპალიტეტის თემში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა. პარალელურად, ქალაქის მასშტაბით 8 საბავშვო ბაღსაც უტარდება რემონტი. ორივე უწყება ირწმუნება, რომ ბავშვებისთვის საბავშვო ბაღები, ქალაქად და რაიონშიც, საკმარისია.

 

Qartli.gE წერდა, რომ 2015 წლის აპრილის მონაცემებით, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღებში ირიცხება ის 456 აღსაზრდელი, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებშია რეგისტრირებული. ქალაქის საბავშვო ბაღებში სულ 3032 ბავშვი ირიცხება.


გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტში, ქალაქის საბავშვო ბაღებით მოსარგებლე ბავშვების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ხარჯები არ დევს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას კი, ბიუჯეტში ამ კუთხით შესატანი ცვლილებების შესახებ, გამგეობიდან წინადადები არ მიუღია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები