ახალი ამბები
სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ძევერის სკოლიდან პედაგოგი გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის სკოლის პედაგოგი თამარ ბუხრაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ საგანმანათლებლო რესურსცენტრს უკვე აცნობა.

სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი სახლში გაუშვეს. ,,26 წელია სკოლაში ვმუშაობ. ჩემი გათავისუფლება მოხდა მოხდა პოლიტიკური ნიშნით. 2002 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს მარტო მხოლოდ დირექტორის გადაწყეტილება არ იქნება, ეს გააკეთა იმიტომ, რომ უბრძანეს" - ამბობს თამარ ბუხრაძე.

ძევერის სკოლაში კონკურსი სწორედ იმ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადდა, რომელზეც პედაგოგი თამარ ბუხრაძეს მუშაობდა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, ბუხრაძის გათავისუფლება არა თუ ვინმეს, მაგალითად, სკოლის დირექტორის სურვილი იყო, არამედ ეს მოითხოვა კანონმა:

,,მთავრობის დადგენილების მიხედვით, იხელმძღვანელა სკოლამ. დარეგისტრირებული რომ იყოს და შემოდგომით გადიოდეს გამოცდაზე, დარჩებოდა სკოლაში. არ დარეგისტრირდა და ამიტომ გამოცხადდა კონკურსი" - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თამარ ბუხრაძე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით ზეწოლას ახორციელებს პოლიტიკურ ოპონენტების მხარდამჭერებზე, რისი საუკეთესო მაგალითიც სამსახურიდან თამარ ბუხრაძის გათავისუფლებაა:

,,გაათავისუფლეს პედაგოგი, რომელიც არის ძალიან კარგი პედაგოგი და ადამიანი. გაათავიუფლეს იმიტომ, რომ არის ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი." - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები