ახალი ამბები
,,გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლაზე გარკვეული რეგულაციები უნდა შემუშავდეს" - დავით რაზმაძე
გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე თვლის, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტების ნაწილი სიტუაციის დაძაბულობის პროვოცირებას ახდენენ.

ამის შესახებ ,,ქართლის სტუდიისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უამრავი მაგალითი არსებობს:

,,ქალბატონი ლუდა სალია მისული იყო ე.წ. საზღვართან და რუსეთის სამხედროებს დროშას უფრიალებდა. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც თამაშგარეა გასული. ამ დროშის ფრიალით შეიძლება თვითონ გადარჩეს. არავის აქვს უფლება, რომ მეორე ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. რუსეთი საით გაისვრის იარაღს, არავინ იცის." - აცხადებს დავით რაზმაძე.

იგი თვლის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სამოქალაქო აქტივისტები და განსაკუთრებით მთავარი არხის ჟურნალისტები პროვოცირებას ახდენენ:

,,მესმის კონსტიტუციური უფლება ირღვევა, მაგრამ რაღაც ფორმა უნდა შემუშავდეს. მაგალითად, მთავარის ჟურნალისტები, ყველა არა, მაგრამ ბევრი პროვოცირებას ეწევიან. ეს არ არის მომგებიანი, იმ კუთხით, რომ ვიღაცას საფრთხეს უქმნიან. მექანიზმი აუცილებლად უნდა შემუშავდეს, ჟურნალისტებს, რომელსაც ნამდვილად ინფორმაცია ჭირდებათ, მათვის რაღაც რეგულაციების მიღებაა საჭირო" - ამბობს დავით რაზმაძე.

უკვე ერთი წელია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს სოფლებში არ უშვებენ. განსაკუთრებით, ეს პროცესი ხელს პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს უშლის. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს, სოფელ დიცსა და ნიქოზში ოპოზიციურ კანდიდატებს გადაადგილება შეეზღუდათ. თუმცა, ფაქტის გახმაურების შემდეგ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, სიტუაცია მოგვარდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები