ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80
მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების
მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმების სრული
დაცვით, უწყვეტ რეჟიმში გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულნი
იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები,
მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ასევე, ადგილზე
იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი 3 დაშავებული მოქალაქე
უსაფრთხო ადგილზე მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში
დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ისინი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის
ქვეშ იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
სტატიის გამოყენების პირობები