ახალი ამბები
,,სალამანკას ბრძოლა" მთავარ მოედანზე

 

აღნიშნული ბენდი დღეს გორში იმყოფებოდა. მათ თავდაცვის აკადემიის იუნკერთა პირველ ნაკადს კურსის დამთავრება მიულოცეს. 

 

თავდაცვის აკადემიაში, სადაც დღეს პრეზიდენტი გიორგ მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმყოფებოდნენ, ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების ოთხწლიანი პროგრამა 2011 წელს განახლდა. საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე 147 იუნკერი ჩაირიცხა, მათგან აკადემიაში სწავლა 134-მა იუნკერმა განაგრძო. კურსი დაამთავრა 105-მა იუნკერმა, მათგან 39-მა მიიღო ინფორმატიკის ბაკალავრის დიპლომი, ხოლო 66 იუნკერმა - მენეჯმენტის. მაღალი რეიტინგის მქონე იუნკერებს კურსის დამთავრების შემდეგ საშუალება ეძლევათ, სწავლა ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წამყვან სამხედრო სასწავლებლებში განაგრძონ.

 

აკადემიის იუნკერთა პირველი გამოშვების ღონისძიების პატივსაცემად კომპოზიცია შეასრულა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ორკესტრმა.

 

„The Salamanca Band and Bugles of The Rifles“ გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის ერთადერთი ტერიტორიული არმიის ბენდია. ბენდს სახელი 1812 წლის 22 ივლისს იბერიის ნახევარკუნძულზე მომხდარი სალამანკას ბრძოლის პატივსაცემად დაერქვა.

 

მდიდარი ტრადიციების მქონე ბენდი ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების დროს იყო პოპულარული.

 

ბრძოლის ველზე ბრძანებების გასაცემად მსროლელები ვეებერთელა დაფდაფების მაგივრად საყვირებს იყენებდნენ. ბენდი უნიკალური სტილის მუსიკას ასრულებს და მსვლელობის დროს წუთში 140 ნაბიჯს დგამს.

 

კონცერტების გარდა, ბენდი სამხედრო აღლუმებს, ფესტივალებსა და ოფიციალურ ვახშმებს მუსიკალურად აფორმებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები