ახალი ამბები
მონაზონ იოანეს შესახებ რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
რუის-ურბნისის ეპარქია მონაზონ იოანე ჯალაღონიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. პრეს-ცენტრში აღნიშნავენ, რომ იოანე (ლუკა) ჯალაღონიას აღკვეცილი ჰქონდა ზიარების უფლება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მონაზონმა არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

,,მონაზონი იოანე ნამდვილად ირიცხებოდა რუის-ურბნისის ეპარქიის სამონაზვნო დასში, როგორც აღკვეცილი მონაზონი, მისდამი იყო გამოხატული მზრუნველობა და კეთილგანწყობა. არაერთგზის მიეცა მკაცრი გაფრთხილება, საეკლესიო კანონების უხეში დარღვევისთვის, მღვდელმთავართან შეუთანხმებლად მონასტრის თვითნებური დატოვებისა და ეპარქიაში შფოთის შემოტანისთვის, აეკრძალა წმიდა ზიარების მიღება, რაც არის მონაზვნისთვის უმაღლესი სასჯელის ფორმა." - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც მონაზონმა თვითნებურად დატოვა ეპარქია, ამის შემდეგ შეიტყვეს, რომ იგი აბრკოლებს მორწმუნე ერს, ეწევა უკანონო და უმადლო მღვდელმოქმედებას, ვინაიდან იგი არასდროს ყოფილა მღვდლად ხელდასხმული.

რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრის განცხადებით, ლუკა ჯალაღონიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხისმგებლობა კანონის დამცველებს ეკისრებათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები