ახალი ამბები
ქარელში გადაუდებელი წესით ტენდერის ჩასატარებლად სტიქია ,,მოიგონეს"
ქარელში დაზიანებული ტექნიკის შესაკეთებლად ტენდერი, გადაუდებელი აუცილებლობის მოთხოვნით, გამოაცხადეს. სატენდერო პირობებში წერია, რომ მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენები მოხდა და პატარა მდინარეები ადიდდა, რამაც სანაპიროები დააზიანა.

როდის მოხდა ეს სტიქიური მოვლენები, ამ კითხვით ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს მივმართეთ, რომელმაც გადაუდებელი აუცილებლობით ტენდერის ჩატარება მოითხოვა. ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ვერ გვეტყვის, სად დაზიანდა სანაპიროები უხვი ნალექის შედეგად.

მისი თქმით, უმჯობესია, მისი მიმართვის ტექსტი კარგად იყოს წაკითხული, რათა ობიექტურად იყოს გაგებული, თუ რატომ ითხოვენ გადაუდებელი წესით ტექნიკის შეკეთებას.

,,ტენდერის გამოცხადება მინიმუმ ერთი თვით შეაფერხებდა სხვადასხვა სოფლის (მათ შორის საზღვრისპირა რეგიონის სოფლების) მოსახლეობისათვის საჭირო სამუშაოების წარმოებას, მით უმეტეს თუ გავითვალისიწნებთ დღეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას"- კიდევ უფრო აკონკრეტებს პრობლემის არსს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

ჩვენ კეთილმოწყობის სამსახურს მოვთხოვეთ დაესახელებინა სოფლები, სადაც სტიქიური მოვლენები მოხდა და სანაპიროები დააზიანა.

,,ეგ ეხლა იცით, არის? ხომ ხდება ხოლმე გაზაფხულზე ან შემოდგომით წყლის მოვარდნა, მზად რომ ვიყოთ, რა..." - ამბობს ზვიად იმერლიშვილი. ჩვენს კითხვაზე, ამჟამად სად მოხდა პატარა მდინარეების ადიდება, ზვიად იმერლიშვილმა საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები