ახალი ამბები
შემოვლითი გზის გაკეთებამდე ხაშურს 7000-მდე გამვლელი მგზავრი ჰყავდა - მერია
ხაშურის მერიამ ქალაქის ესთეტიკისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის შესახებ ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიხედვით,  სკვერებისა და გაზონების მოვლა-პატრონობა დაიგეგმა.

ამ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, წელიწადში 230 000 ლარი გამოიყო. პროგრამის აღწერილობაში მითითებულია, რომ აუცილებელია ქალაქის მოსახლეობას და გამვლელ მგზავრებს ქალაქის ქუჩები ესთეტიკურად მოვლილი და გალამაზებული დახვდეს.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტში წერია, ხაშურის ქუჩებში 50 000 ადამიანი მოძრაობს. ეს ციფრი ქალაქი მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება.

რაც შეეხება ცენტრალურ გზას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოსკენ მიმავალი გზების შესაყარს წარმოადგენს, მას დღეში 7000-მდე გამვლელი ჰყავდა.

2020 წლის 22 აგვისტოდან ეს ციფრები შეიცვალა, რადგან გახსნეს ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც მგზავრობის ხანგრძლივობას – 40-50%-ით ამცირებს. პროექტმა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

,,ხაშურლებისთვის ეს რა არის? პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, მოგეხსენებათ, იყო კატასტროფული მოძრაობა ხაშურში, საცობებს თავი რომ დავანებოთ, უმნიშვნელოვანესია რა თქმა უნდა ეკოლოგიაც." - განაცხადა პრემიერმა გზის გახსნისას.

ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ახალ გზაზე განხორციელდება. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და ახალი გზის საშუალებით, გადაადგილების დრო ამ მონაკვეთზე განახევრდება," – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები