ახალი ამბები
გორელ მოქალაქეს 1-წლიანი უკანონო პატიმრობის გამო მორალური ზიანი 4 000 ლარის ოდენობით აუნაზღაურდება
გორის სასამართლომ, ბანკზე განხორციელებული ყაჩაღობის გამო ბრალდებული პირი გაამართლა. გორის პროკურატურამ გადაწყვეტილება სასამართლოს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა გამამართლებელი განაჩენი არ გაუქმებულა.

ბრალდებული პატიმრობიდან 1 წლის შემდეგ გათავისუფლდა. შემდეგ კი, ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. სამოქალაქო დავა, მასსა და პროკურატურას შორის, 2020 წლის 13 მაისს დასრულდა.

სასამართლომ ყოფილი პატიმრის სასარგებლოდ, სახელმწიფოს ჯამურად 12 575 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილების მიხედვით, ეს ანაზღაურება გულისხმობს მორალურ და მატერიალურ ზიანს, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეულ ხარჯს.

სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, ყოფილი პატიმარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მორალური ზიანის - 80 000 ლარის და მატერიალური ზიანის - 14 600 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აღნიშნული პიროვნება 2015 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლებმა დააკავეს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარუდგინეს.

ბრალდებული გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

,,მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის." - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

პროკურორი ია მეფარიშვილი დღემდე დარწმუნებულია, რომ ყაჩაღობა აღნიშნულმა პიროვნებამ ჩაიდინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები