ახალი ამბები
გორის ,,დილას'' სტადიონი უეფას შესარჩევ თამაშებამდე ორი დღით ადრე
დღეს, 4 სექტემბერს, გორის დილას სტადიონზე 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაში გაიმართება. ერთმანეთს საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრები გუნდები შეხვდება.

შეხვედრამდე ორი დღით ადრე ასე გამოიყურებოდა სტადიონის სარბენი ბილიკი. ,,დილას" დირექტორი გია ისიანი ადასტურებს, სტადიონის ადმინისტრაცია შესარჩევი თამაშის ჩაშლის საფრთხის წინაშე იდგა. თუმცა, ხელოვნურსაფარიანი ბალახი 2 სექტემბერ შეიძინეს, რასაც მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 31 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ახალი, ხელოვნურსაფარიანი ბალახის შესაძენად, 9 ათას ლარამდე თანხა გაითვალისწინა.

სტადიონის ადმინისტრაციამ ამ თანხით 2020 წლის 2 სექტემბერს, სასწრაფო წესით შეიძინა ხელოვნური ბალახი და ორი დღით ადრე სტადიონის მოწესრიგება შეძლო.

გორის ,,დილას" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარბენი ბილიკი დაზიანდა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის ვარჯიშებისა და მატჩების დროს.

,,მიმდინარე თვეში ვარჯიშებისა და საფეხბურთო მატჩების დროს იქნა დაზიანებული აღნიშნული ხელოვნური ბალახი. გორის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ წერილობით, რათა გამოეყოთ თანხა ზემოთ აღნიშნული საქონლის შესასყიდად. მუნიციპალიტეტის მერიამ მოიწვია საკრებულოს რიგგარეშე სხოდომა ბიუჯეტში ცვლილების შესატანად, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს და ჩვენს ორგანიზაციას დაემატა საქონლის შესაძენად შესაბამისი თანხა." - აღნიშნავენ ,,დილას" ადმინისტრაციაში.

სტადიონი გორის მერიის ბალანსზეა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ეს ხარვეზი სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა:

,,უეფას წარმომადგენელი ინფრასტუქტურის, უსაფრთხოებისა და ვიზუალური კუთხით, ამ ხარვეზის გამო გააუქმებს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს და გადასცემს უეფას, რომ აღნიშნული სტადიონი არ აკმაყოფილებს საერთაშორისო მატჩების ჩატარების სტანდარტებს. საფეხბურთო მატჩისა და ვარჯიშების მიმდინარეობის დროს წინასწარ პროგნოზირება იმის თუ რა დაზიანდება მოედანზე და მის შემოგარენზე, შეუძლებელია." - აცხადებენ ადმინისტრაციაში.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები