მოსამართლე შორენა წიქარიძის ,,დაგვიანებულ" სასამართლო საქმეებზე და, ზოგადად, არასასურველ გადაწყვეტილებებზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან არაერთი ადვოკატი საუბრობდა. მაგალითად, ადვოკატი მამუკა ნოზაძე რამდენიმე თვის წინ, ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ გორის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი მოსამართლე შორენა წიქარიძეს მხოლოდ იმ საქმეებს ანდობს, რომლის შინაარსის უკან სახელმწიფო და მისი მოხელეები დგანან.
გორის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ყოფილ უფროსს, აწ სასამართლოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ მარსაგიშვილსა და მოსამართლე შორენა წიქარიძის ოჯახებს ნათელმირონობა აკავშირებს. შორენა წიქარიძის მეუღლე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივია. არის საქმეები, სადაც მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დავაში, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში, მოსამართლე შორენა წიქარიძე იხილავს, ,,მართალი" ყოველთვის პოლიციაა.
სწორედ ასეთ სიტუაციაში მოქალაქეებს, სასამართლო განხილვამდე, მოსამართლის გარეშე საქმის მორიგებით დამთავრება შეუძლიათ. ამაში მათ მედიაციის ცენტრები დაეხმარებათ.
მედიაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაციაზე, ასევე, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გორის რაიონული სასამართლოსა და გორის მედიაციის ცენტრს შორის.
მედიაციის საპილოტე პროექტის მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი დავების მორიგებით დამთავრების ხელშეწყობა, საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ზემოაღნიშნული მიზნით, მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზონ სამედიაციო სერვისი უსასყიდლოდ, დონორი ორგანიზაციის დაფინასებით, ერთი წლის მანძილზე.
დავის ტრადიციული მეთოდებით გადაწყვეტისაგან განსხვავებით, მედიაცია დავის გადაწყვეტის სწრაფი, ნაკლებ ხარჯიანი და მშვიდობიანი საშუალებაა, სადაც გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ მხარეები და არა მედიატორი. პროცესის შედეგად მიღწეული შეთანხმება ყოველთვის ორივე მხარის ინტერესების შესაბამისია. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში „წაგება“ გამორიცხულია. მედიაციის პროცესში მიღწეული შეთანხმება შეიძლება დამტკიცდეს სასამართლოს მიერ და ამგვარად დაექვემდებაროს აღსრულებას. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საერთო წესით.
მედიაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაციში მონაწილეობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გორის რიონული სასამართლოს, გორის მედიაციის ცენტრის, ადვოკატთა ასოციიაციის, მედიატორთა ასოციაციებისა და სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებმა მიიღეს.
იმ შემთხვევაში, თუკი მედიაციის პროექტი წარმატებით განხორციელდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გეგმავს მსგავსი პრაქტიკა ადმინისტრაციულ საქმეებზეც დაამკვიდროს.
ფოტოზე: შორენა წიქარიძე, მოსამართლე
სტატიის გამოყენების პირობები