ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი 1 შემთხვევა სოფელ ტირძნისში დადასტურდა - ვითარება შიდა ქართლში
ბოლო 24 საათში გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი ადამიანი ქიწნისის მეურნეობაში, ხოლო ერთი - სოფელ ტირძნისში ცხოვრობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ორგანიზაციის ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებას აგრძელებენ. გუშინ 80-ზე მეტი ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ჯამში, ქიწნისის მეურნეობაში 8 დადასტურებული შემთხვევაა, ორი - წითელუბანში, ერთი - ტირძნისში. კორონავირუსის შემთხვევა შიდა ქართლის მასშტაბით კიდევ ერთ სოფელში კლდუშია დადასტურებული.

კლდუ ქარელის მუნციპალიტეტში მდებარეობს, სადაც მუდმივად 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. ,,ვისაც დაუდასტურდა, ბათუმელია და ალბათ ბათუმში იყო" - გვითხრა სოფელ კლდუში მცხოვრებმა.

დღეს 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი 196 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 144 ბათუმს ეკუთვნის.

"დაგვემატა 196 შემთხვევა და გვაქვს 2758 დადასტურებული შემთხვევა. 196-დან აჭარა-ბათუმში არის - 144, ქობულეთში - 1 შემთხვევა, თბილისში - 29 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთი-ქუთაისი არის - 7 შემთხვევა, საჩხერე -1, შიდა ქართლი-გორი - 4 შემთხვევა, ქვემო-ქართლი-გარდაბანი - 3, გურია-ოზურგეთი - 4 , ზემო სვანეთი-სამეგრელო-ზუგდიდი - 2, ფოთი - 1, მცხეთა- 1 შემთხვევა", - განაცხადა ეზუგბაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები