ახალი ამბები
რა მოხდა მოძღვრებს შორის პატრიარქის ვიზიტის დროს

 

ინციდენტის შესახებ ორივე მხარე საუბრობს. მოძღვარი, რომელსაც მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს, სამების ეკლესიის მსახური, მამა გრიგოლია (გოგიჩაძე). მის მოწინააღმდეგე მხარეს  კი სოფელ შინდისის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი და სოფელ ვარიანის ეკლესიის მოძღვარი მამა თადეოზი წარმოადგენდა.

 

,,სიტუაცია ასეთი იყო" - გვიყვება ვარიანის მოძღვარი მამა თადეოზი - ,,ეგ ადამიანი ეკლესიის ეზოში იდგა. მასთან მამა გიორგი მივიდა და უთხრა, რომ სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, ტერიტორია დაეტოვებინა. სხვა იქ არაფერი მომხდარა. ეკლესიაში არ შემოსულა, ეზოში იდგა. რატომ მოვიდა? რა უნდოდა? პატრიარქის ნახვა თუ უნდოდა, ყოველ კვირას სამებაში გვერდით უდგას. ეგ არის ამ მთავრობისა და ჩვენი მეუფის მლანძღველი და იქ რატომ მოვიდა?" - ამბობს სოფელ ვარიანის მოძღვარი მამა თადეოზი (ქებაძე).

 

მამა გრიგოლი, რომელსაც ტერიტორია დაატოვებინეს, სოფელ ვარიანში ცხოვრობს. ის მამა თადეოზის კურთხევამდე, ვარიანის ეკლესიის მოძღვარი იყო. მამა გრიგოლი ამბობს, რომ ვარიანის ეკლესიაში მსახურების დროს მამა თადეოზი, ადგილობრივი მოსახლეობიდან მისი შერჩეული და გამოზრდილია.

 

მამა გრიგოლი: ,,პატრიარქმა შიდა ქართლში ვიზიტი ნიქოზიის ეპარქიიდან დაიწყო. შემდეგ იქვე მეზობელ სოფელ შინდისში მოდიოდა, დაღუპული გმირების საფლავებთან. ვიფიქრე, მეც მივიდოდი და დაღუპული ბიჭების საფლავებს მოვილოცებდი. პატრიარქი ჯერ არ იყო მოსული, როცა მემორიალთან და ეკლესიასთან მივედი. ამ დროს ადგილზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ჩემთან ადგილობრივი მოძღვარი მოვიდა, მასთან ერთად კიდევ სამი მოძღვარი იყო, მათ შორის მამა თადეოზი. შინდისის მოძღვარმა მამა გიორგიმ მითხრა, რომ ტერიტორია დამეტოვებინა."

 

,,მე ვუთხარი, პატრიარქი მოდის და ყველას გვაქვს უფლება მის კურთხევას შეუერთდეს, მით უმეტეს ჩვენს სოფელში მოდიოდა, სრული უფლება მაქვს დავესწრო-მეთქი. შეიძლება ბუნტი მოხდესო, პრობლემა აქვს მოძღვრებსო, მითხრა მან. ვკითხე, თუ ვინ მოძღვრებს? ყველასო. ავუხსენი, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და თუ რამე სათქმელი აქვთ, მზად ვარ საპატრიარქოში ან ეპარქიაში, ღიად თუ დახურულად, შევხვდე, ხოლო თუ მართლები იქნებით მეუფესთან დაკავშირებით, დაგემორჩილებით-მეთქი" - ამბობს მამა გრიგოლი.

 

მიუხედავად ამისა, მამა გრიგოლმა ტერიტორია დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ საერო თუ სასულიერო პირებისგან გაიგო, რომ ეპარქიის მოძღვრები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს მამა გრიგოლი შინდისიდან გააგდეს.

 

,,მე დღემდე არ ვაპირებდი ამ ამბის გახმაურებას, რადგან მიმაჩნია, რომ მრევლში არ უნდა მოხდეს სასულიერო პირების მიმართ გაორება, მაგრამ რაც ჩემ შესახებ შემდეგ ილაპარაკეს, იძულებული ვარ ვთქვა, რაც მოხდა. ნათლად გამოჩნდა, რომ მებრძვიან ეპარქიის სასულიერო პირები. მე ამ ეტაპზე გავუფრთხილდი სოფლის მოსახლეობას, შემრცხვა ჩემი გამოზრდილი მოძღვრის, თუ როგორ აგრესიულობით გამოირჩეოდა და გამოვერიდე. არც გამკვირვებია, მაგრამ პატრიარქის ვიზიტის დროს, მოულოდნელი იყო. იმ მოძღვარმა რა უნდა ასწავლოს მრევლს, როდესაც ხილულებს პატივს არ სცემს, ან რა პატივი უნდა სცეს უხილავთ, ჩვენს წინაპრებს?"

 

,,გმირებად მოაქვთ თავი, თითქოს მე გამომაგდეს ეკლესიის ტერიტორიდან. გმირები მაშინ ყოფილიყვნენ, როდესაც ნაცმოძრაობის დროს ხალხს აწამებდნენ. ხმა ერთს არ ამოუღია. პატივს ვცემ მათ ღვაწლს, მაგრამ თუკი ადრე საერო პირების მეშვეობით სახლს და ფერმას მიწვავდნენ, მანქანას მიძარცვავდნენ და მიმტვრევდნენ, ახლა სასულიერო პირებმა აიღეს საკუთარ თავზე ჩემი შევიწროება, სხვა რა ვიფიქრო, თუ არა ეს."

 

მამა გრიგოლი მიმართავს გორის ეპარქიის მოძღვრებს, რომ ნუ ჩადგებიან მასსა და მეუფეს შორის დაპირისპირებაში.

 

,,როგორც თვითონ მეუფე ამბობს, ჩვენ მეგობრები ვართ. ამიტომ მოძღვრები ცუდად ნუ ჩაერთვებიან ორ მეგობარს შორის ურთიერთობაში. მე მზად ვარ შევხვდე მათ. თუ რამე ფაქტები აქვთ ჩემ შესახებ, დამისახელონ ერთი ფაქტი, სიყვარულით მითხრან. რას ვაშავებ სოფელში? რატომ უნდა დავტოვო სოფელი. ტელევიზიების გარეშე მითხრან, თუ ჩემი საქციელი აზიანებს სოფელს. მე ამ სოფელში 21 წელია ვცხოვრობ და მოსახლეობის დასახმარებლად ვშრომობ. თუ რამეს ვაკეთებ, ისევ სოფლის გაჭირვებული მოსახლეობისთვის. ვცდილობ, რომ იმდენი მქონდეს, რომ სხვანაც გავუნაწილო და დავეხმარო." - ამბობს მამა გრიგოლი.

 

შეგახსენებთ, 2015 წლის 23 სექტემბერს პატრიარქმა ნიქოზის ეპარქიიდან გორის ეპარქიაში გადაინაცვლა. სოფელ შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული ჯარისკაცების სახელების უკვდავსაყოფად, ფონდ ,,კალას“ მხარდაჭერით აგებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხა.

 

იხ. ამავე თემაზე

მამაოს ბიზნესი ვარიანში 


,,მიწა ვიყიდე და აქ მაღალჩინოსნების საკალმახე აღმოჩნდა" 

 

სასულიერო პირმა მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა 

 

დაპირისპირება მოძღვართან ვარიანში 


,,ხანძარი" გორის ეპარქიაში 


,,მეუფე ჩვენთან უნდა იყოს" - მოთხოვნა გორში 

 

,,გამოხმაურება მეუფე ანდრიას მრევლს" 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები