ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ,,ეს მიწა დაგვიანებით გადმოგვცეს"

 

,,სანამ საბავშვო ბაღებიდან დევნილებს არ გამოიყვანთ, მანამდე მიწების გადაცემის თაობაზე თანხმობას არ მოგცემთ" - უთხრა ოპოზიციონერმა რამაზ იოსელიანმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ზურაბიშვილს, რომელიც დევნილთა სამინისტროს რეგიონალურ წარმომადგენელს თამაზ გვიმრაძის პოზიციებს იცავდა.

 

თამაზ გვიმრაძემ საკრებულოს წევრებს მაისში მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომბინატის დასახლებაში ახალი კორპუსები 480 დევნილზე იქნებოდა გათვალისწინებული, სადაც ის ადამიანები შესახლდებოდნენ, რომლებიც საბავშვო ბაღებში არ ცხოვრობდნენ.

 

,,ქართული პარტიის" წარმომადგენლები რამაზ იოსელიანი და ილია მეტრეველი, ასევე, ,,თავისუფალი დემოკრატები" - თამარ თედლიაშვილი და დავით წეწვაძე ითხოვდნენ, რომ ახალ კორპუსებში საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილები შეესახლებინათ.

 

თამაზ გვიმრაძე პირობას დებდა, რომ საბავშვო ბაღების ფართები იქ მცხოვრებ დევნილებს დაუკანონდებოდათ და ადგილზევე დარჩებოდნენ. ხოლო ახალ კორპუსებში სასტუმრო ,,ქართლში", ,,ტურბაზაში" და ნარკოლოგიური ცენტრის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები გადავიდოდნენ.  არგუმენტი ის ჰქონდა, რომ  დევნილები იქ დიდი ხანია ცხოვრობენ. საბავშვო ბაღის ფართები წინა ხელისუფლების პერიოდში საცხოვრებელი პირობების შესაბამისად გადაკეთდაო, დაეთანხმა გორის მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე.

 

მიუხედავად ამისა, საკრებულოზე მიწების გადაცემის საკითხი მაისში ვერ გავიდა. ოპოზიციამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. 

 

სწორედ, ამ ამბავს გულისხმობდა სოზარ სუბარი, როდესაც გუშინ კომბინატის ტერიტორიაზე, ნარკოლოგიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს ესაუბრებოდა. მართალია, მაისში გორის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს მიწა ვერ გადასცა, თუმცა ზაფხულის ბოლოს ეს პრობლემა გადაწყდა.

 

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გორში,მოსკოვის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა.



ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები.


გორში, მოსკოვის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.



რვავე კორპუსის მშენებლობა ერთდროულად დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს. მინისტრი სოზარ სუბარი გორის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.



შიდა ქართლის გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტი დევნილებისთვის აქამდე არასდროს განხორციელებულა.  "პროექტის დასრულების შემდეგ გორში მცხოვრები დევნილები, რომლებსაც არ გააჩნიათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, მთლიანად იქნებიან უზრუნველყოფილი ახალი ბინებით" - განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა. 



მხარის გუბერნატორი დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ დაწყებული პროექტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.  კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნგრევად შენობებსა და მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების პრობლემა მოიხსნება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები