ახალი ამბები
პოლიცია ბაზარში მოვაჭრეებს აფრთხილებს

 

 

პოლიციელების გამოჩენას გარემოვაჭრეები უკმაყოფილო შეხვდნენ. ამბობენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ. სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლების განცხადებით, ჯერჯერობით, პოლიციელები, მხოლოდ, სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობითა და გაფრთხილებით იფარგლებიან.

 

,,როგორც ვხედავთ, გაფრთხილების ოქმებს არ იბარებთ. ამის შემდეგ, ეს გაფრთხილების ოქმები გამოიკვრება საინფორმაციო დაფაზე, გამოქვეყნდება ადგილობრივი მედიასაშუალებებით და თუ გონივრულ ვადაში არ მოხდება კერძო საკუთრების მიტოვება, იძულებული ვართ შესაბამისი ზომები გავატაროთ" - უთხრეს პოლიციელებმა გარემოვაჭრეებს.

 

დაახლოებით 150-მდე მოვაჭრე გორში, ყოფილი აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორაზე ვაჭრობს. ეს ტერიტორია, გურამიშვილის ქუჩის #5-ის მიმდებარედ, ,,საქართველო ისრაელის პროექტების მართვის მენეჯმენს" საკუთრებაში აქვს. კომპანიამ სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვალს მიმართა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პოლიციამ მასზე დაკისრებული მოვალეობა უნდა შეასრულოს, გაარკვიოს, რეალურად, ვინ ფლობს უკანონოდ კერძო საკუთრებას, ხოლო მათ მიმართ სათანადო ზომები გაატაროს. 

 

სასამართლოში ბაზრის ადმინისტრაციის მოწინააღმდეგე, მოპასუხე მხარეს სამხარეო პოლიცია წარმოადგენდა.

 

სასამართლო პროცესზე სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გაურკვეველია, თუ ვის მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებები, რადგან გარემოვაჭრეების ზუსტი იდენტიფიკაცია ჭირს. მართალია, სასარჩელო მოთხოვნაში დაკონკრეტებული არაა მოვაჭრეთა პირთა ვინაობა, თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელი არ არის.

 

,,კერძო საკუთრების ხელმყოფთა ვინაობის გარკვევა ადმინისტრაციული ორგანოს საქმეა" - წერია გადაწყვეტილებაში. ადმინისტრაციული ორგანოს კი ამ შემთხვევაში პოლიცია წარმოადგენს.

 

სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობასა და ოქმების გადაცემის პროცედურას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შეესწრო და ვიდეოზე დააფიქსირა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ აყრის შემთხვევაში ულუკმაპუროდ დარჩებიან.

 

,,საქართველო-ისრაელის პროექტების მართვის მენეჯმენტს" ეს გარემოება არ აინტერესებს. მას სურს, რომ ყველა მოვაჭრე ახალ ბაზარში, წმინდაწყალზე გადავიდეს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან მოშორებულია. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები