ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო ერთი დღის განმავლობაში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ახალი, 30 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარი, მარინა ყოჩიევა ავრცელებს.

მისი თქმით, დადებითი პასუხი 130 ტესტიდან მიიღეს. ყოჩიევა განმარტავს, რომ ოთხი დღეა ,,რესპუბლიკაში" კოვიდპაციენტების რაოდენობა საკმაოდ იზრდება.

"30 ადამიანს აქვს დადებითი კორონავირუსის ტესტი, ეს არის ერთი დღის მონაცემები. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის მოხსნის დღიდან (15 სექტემბერი) 16 ოქტომბრამდე, 137 მოქალაქე დაავადდა", - თქვა მან.

რაც შეეხება საერთო რაოდენობას, პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალა ჩოჩიევამ განაცხადა, რომ ცხინვალის ინფექციური განყოფილება, ვირუსული პნევმონიითა და კორონავირუსით დაავადებული პაციენტებით, სრულად არის დაკავებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები