ახალი ამბები
ხიდისთავში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. მილები, რომლებიც შიდა გამანაწილებელი ქსელისთვისაა განკუთვნილი, უკვე მიიტანეს.

გორის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მოეწყობა ასევე რკინა-ბეტონის ახალი შემკრები, რომელიც ახალ ქსელში ინდივიდუალურად განაწილდება. გათვალისწინებულია ასევე მრიცხველების დამონტაჟება.

"სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 888 150 ლარია. ტენდერების ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წინადადებების მიღება 16 ივლისს დაიწყო. პროექტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალა სოფელ ხიდისთავში რკინა-ბეტონის ახალი წყალმიმღებისა და შიდაგამანაწილებელი ქსელის მოწყობა ინდივიდუალური მრიცხველებით", - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სოფელი ხიდისთავი ამჟამად სასმელი წყლით ატენის ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობიდან მარაგდება. სოფელს, სადაც 1300 ოჯახი და 4000 მოსახლე ცხოვრობს, სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს.

სოფელში სასმელი წყლის ერთი პროექტი 2016-2017 წლებში უკვე განხორციელდა. მოაწყეს სადრენაჟე სისტემა, თუმცა დაზიანებული შიდა ქსელის გამო, მოსახლეობამ მილიონიანი პროექტის შედეგი ვერ იგრძნო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები