ახალი ამბები
გორის მე-2 სკოლაში კორონავირუსი მანდატურს დაუდასტურდა - ის თვითიზოლაციაში იყო
გორში კიდევ ერთ მანდატურს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის გორის მე-2 სკოლაში მუშაობს და თვითიზოლაციაში გასულ კვირიდან იმყოფება.

მეორე სკოლის დირექტორი, გია ბერძნიშვილი ამბობს, რომ ეპიდემიოლოგებმა დროული რეაგირება მოახდინეს და კონტაქტები დაადგინეს.

,,პირველად, როცა მე-12 სკოლის მანდატურებს დაუდასტურდა კორონავირუსი, როგორც ამიხსნეს, მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაიყვანეს თვითიზოლაციაში. მერე აღმოჩნდა, რომ მე-9 სკოლის მანდატურსაც დაუდასტურდა კორონავირუსი. დადგინდა, რომ მე-9 სკოლის მანდატურს კონტაქტი ჰქონდა ჩვენი სკოლის მანდატურთან. შეამოწმეს ტესტი და დღეს დადებითი პასუხი ჩამოვიდა. ფაქტობრივად, ორივეს წყარო მე-12 სკოლის მანდატური აღმოჩნდა" - განაცხადა გია ბერძნიშვილმა.

რაც შეეხება მე-12 სკოლის მანდატურებს, როგორც ვწერდით, ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ასახელებდნენ.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში ეს ამბავი სასწავლო პროცესზე არ იმოქმედებს. თუმცა მონიტორინგს გაამკაცრებენ.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი. კორონავირუსით, კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები