ახალი ამბები
,,მიმითხარეს-მომითხარეს" - კნოლევში

 

გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში გაზაფხულზე გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიის გამრიცხველიანების სამუშაოები დაიწყო, პარალელურად, სასმელი წყლის მილების გაყვანა თითოეულ სახლამდე განხორციელდა.

 

ჯუმბერ მაისურაძეს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულმა სიკეთეებმა პრობლემები შეუქმნა. მრიცხველები და სასმელი წყლის მილის ბოლო წერტილი მის სახლამდე მისასვლელ გზაზე აღმოჩნდა.

 

,,ისე დავიწროვდა გზა, რომ მანქანა ვეღარ შემოდის. იძულებული ვარ ცენტრალური გზიდან ზურგით ვზიდო ფქვილი და სხვა ტვირთი" - აცხადებს ჯუმბერ მაისურაძე.

 

შიდა და ცენტრალური გზა ერთმანეთს ისე უკავშირდება, რომ იქ გამავალ მანქანებს ბარიერი ხვდება. საქმე იმაშია, რომ სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტა, ხოლო მისი შემაერთებელი შიდა გზა დაბლა მოექცა.

 

,,ჩავარდებიან ხოლმე მანქანები ტალახში, არის ხოლმე დიდი ხმაური. მერე მოდიან ჩემთან და ხან ბარს მთხოვენ, ხან ლაფატკას" - გვეუბნება მაისურაძე.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ სოფლის შიდა გზები მოიხრეშება, ოღონდ ყველა არა: ,,სადაც საჭიროა, მხოლოდ, ის ადგილები მოიხრეშება" - ამბობს ზაზა გულიაშვილი.

 

იმის გამო, რომ სადავო გზით მხოლოდ ჯუმბერ მაისურაძე სარგებლობს, მოხრეშვითი სამუშაოები მას არ შეეხება. მაისურაძე ამბობს, რომ ზემოაღნიშნულ სამუშაოებამდე გზა მოხრეშილი ჰქონდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები