ახალი ამბები
,,ბატონო პროკურორო, ორივე მხარეს გარბოდა ჩანთის გამტაცებელი?" - განხილვა გორის სასამართლოში
ორის სასამართლომ არ გაიზიარა არასრულწლოვან გ.ჯ-ს ჩვენება, რომლის მიხედვით, გორის ბაზარში, ხელჩანთა, სადაც ოქროს ბეჭედი იყო, მან გაიტაცა.

დაზარალებულმა ცოლ-ქმარმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანს პირველად ხედავდნენ; და რომ მათი ჩანთის გამტაცებელი სრულწლოვანი მამაკაცია. 

ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, მაგრამ საქმის განხილვა წელს დასრულდა. პოლიციამ კი სრულწლოვანი პირი მეორე დღეს დააკავა, რომელიც ამტკიცებს, რომ იმ დროს, როდესაც ე.წ. დანაშაული მოხდა, სახლში იმყოფებოდა და აზარტული თამაშებით იყო დაკავებული. ამის მტკიცებულებად კი, მისმა ადვოკატმა პროკურორს კომპიუტერული მონაცემები წარადგენინა. 

რა მოხდა გორის ბაზარში

ცოლ-ქმარი გორის ბაზარში მუშაობდა, როდესაც მათ ხელჩანთა მაგიდიდან ააცალეს. დაზარალებულის განმარტებით, იგი გამტაცებლის პირისპირ იდგა, ამასთან ბრალდებული მანამდეც შენიშნა ბაზარში და კარგად დაიმახსოვრა. დაზარალებულის მეუღლეც აღნიშნავს, რომ  იგი გამტაცებლის პირისპირ აღმოჩნდა გაქცევისას, ხოლო დევნისას გამტაცებელმა სამჯერ მოიხედა უკან. დაზარალებულმა პოლიციაში მას შემდეგ დარეკა, რაც ჩანთის გამტაცებელს ვერ დაეწია.

დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინეს 18:33 საათზე. დაზარალებულის ჩვენებით არ ბნელოდა და ჩართული იყო გარე განათებაც.

ბრალდებულმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ე.წ. დანაშაული მოხდა, მან ჯერ ბავშვი სახლში მიიყვანა, შემდეგ კი, კომპიუტერული თამაშებით დაკავდა.

,,ვიმყოფებოდი სახლში და ინტერნეტში სხვადასხვა აზარტული თამაშებით ვიყავი დაკავებული."" - განაცხადა ბრალდებულმა.

ამ განცხადების შემდეგ, გორის პროკურატურამ ინტერნეტთამაშების ისტორია მოიძია.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის კომპიუტერის ,,IP" მისამართით აზარტული თამაშების სამივე ,,ნიკი" აქტიური იყო 17 საათამდე, ხოლო თანმიმდევრულად აქტიურდება 19:29; 19:30 და 19:31 საათიდან. ამით, პროკურორმა აღნიშნა, რომ 112-ზე დარეკვის დროს, აზარტული თამაშების ,,ნიკი" არ იყო აქტიური.  რაც შეეხება ტელეფონის ნომერს, პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულის ტელეფონის ნომერი აქტიურია დანაშაულის ჩადენის საღამოს 1&:23; 18:23: 18:56; 19:03 და 19:13 საათზე.

ბრალდებულის ადვოკატმა პროცესზე წარადგინა სატელეფონო საუბრების ამონაწერი. იგი აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც 112-ზე ზარი განხორციელდა და დანაშაული მოხდა, ბრალდებული ტელეფონზე საუბრობდა.

,,ამ ამონაწერით დგინდება, რომ ბრალდებული მეგობარს ესაუბრებოდა 18:25; 18:54 და 19:56 საათზე. შესაბამისად, უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა" - განაცხადა პროცესზე ადვოკატმა.

სასამართლოს წინაშე წარსდგა პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ ჩანთა მან გაიტაცა. დაზარალებულმა ცოლ-ქმარმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს პირველად ხედავდნენ.

,,როცა ჩანთა გამტაცა, ბრალდებული ჩემს პირისპირ იდგა, მანამდეც შევნიშნე ბაზარში და კარგად დამამახსოვრდა. გაქცევისას 3-ჯერ მოიხედა უკან" - თქვა დაზარალებულმა.

დაზარალებულმა ისიც აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მაგიდაზე ჩანთა დადო, მიიხედა მეუღლის მაგიდისკენ, ხოლო როდესაც მოიხედა, დაინახა, რომ ჩანთა გამტაცებელს ეკავა.

,,მიხუტებული ჰქონდა და მიდიოდა, ჩემმა მეუღლემ ჩანთას ხელი მოჰკიდა და დაუძახა - ,,სად მიგაქვს ჩემი ჩანთაო", მაგრამ ჩანთის ყურზე ხელი აუსხლტა, ის კი გაიქცა,დავედევნეთ, მაგრამ ვერ დავიჭირეთ" - განაცხადეს სასამართლოზე დაზარალებულებმა.

ადვოკატმა პროკურორს დაუსვა კითხვა, თუ როგორ აღმოჩნდა მსჯავრდებული იმ ადგილას, საიდანაც გაიქცა ისე, რომ ერთდროულად მაგიდის სხვადასხვა მხარეს მდგარი ცოლ-ქმარი ჩანთას ხედავდა: ,,ნუთუ ბრალდებული სიხარულით ბრუნავდა, რომ ჩანთა ორივეს დაენახა? .. და სხვადასხვა მხარეს ერთდროულად გარბოდა?.." - განაცხადა ადვოკატმა პროცესზე.

მოსამართლემ არც ეს შენიშვნა გაიზიარა, რადგან აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მითითებული მაგიდის განლაგების ამსახველი ნახაზი/ფოტო, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა სადავო გაეხადა დაზარალებულისა და მოწმის ჩვენების სანდოობა, იმ პირობებეში, როდესაც მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება რომ ბრალდებული სხვადასხვა მიმართულებით გარბოდა.'' - აღნიშნა მოსამართლემ.

ბრალდებულს, რომელსაც ჩანთის გატაცებაში დასდეს ბრალი, სადაც ოქროს ბეჭედი იყო, 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები