ახალი ამბები
არც მეორე ტურები და არც პარლამენტში შესვლა!'' - ბადრი ბასიშვილი
,,არც მეორე ტურები და არც პარლამენტში შესვლა! ყოველდღიური პროტესტი ყველგან და ყოველ ნაბიჯზე'' - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის ლიდერმა, ბადრი ბასიშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.

ეს მიმართვა მან მაშინ გამოაქვეყნა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ორ სხვადასხვა შინაარსის განცხადებას განიხილავდნენ.

შეგახსენებთ, დღეს გრიგოლ ვაშაძის სახელით ორი მიმართვა გავრცელდა. პირველი მიმართვის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ, დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა.

"დამატებით განვმარტავ: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", - ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.'' - განმარტა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არ იყო საუკეთესო განცხადება.

"სამწუხაროდ, არ იყო ეს საუკეთესო განცხადება. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, არ არის ეს განცხადება საუკეთესო. არავინ არ ვიყავით საქმის კურსში ამასთან ერთად. მაგრამ ის გეგმები, ის გაცხადებული მიზანი, რომელიც დღეს ხალხს აქვს და ჩვენ ვართ ერთ-ერთი წარმომადგენლები ამ საზოგადოების, არის არჩევნები, სამართლიანი, თავისუფალი, ახალი არჩევნები ქვეყანაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები