ახალი ამბები
დაგვიანებული ხელფასები მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში

 

 

,,ხელფასების დაგვიანება საბავშვო ბაღების გაერთიანებამ და ერთ სამართლებრივ სისტემაში მოქცევამ გამოიწვია" - აცხადებენ ააიპ ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების" მთავარ ოფისში. მისი ხელმძღვანელი გიორგი გელაშვილი სამსახურში არც კი გამოჩენილა.

 

ინფორმაცია ხელფასების დაგვიანების ფაქტზე, თავდაპირველად, სააგენტო ,,ინტერპრესსნიუსზე" გავრცელდა.  ახალი ამბების რეპორტიორი იტყობინებოდა, რომ ბაღების აღმზრდელები, სამსახურის დაკარგვის გამო, ხმას ვერ იღებენ.

 

კარალეთის საბავშვო ბაღში ყოფნისას ხელფასების დაგვიანების ამბავი დადასტურდა. ადგილზე აიპის პრესსამსახურის წარმომადგენლები დაგვხვდნენ, რომლებიც საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს მარეხ ხათაშვილს ჟურნალისტების მისვლამდე შეხვდნენ.

 

,,შეგვპირდნენ, დღეს ან ხვალ იქნებაო" - გვითხრა მარეხ ხათაშვილმა. 

 

საბავშვო ბაღების გაერთიანების მთავარ ოფისში ხალხმრავლობა იყო. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ჩასული პედაგოგები სპეციალისტებთან ,,რაღაცეებს" არკვევდნენ. დირექტორი გიორგი გელაშვილი მუნიციპალიტეტის გამგებელთან დაუბარებიათ.

 

,,ესე გვითხრა, არა მცალია ჟურნალისტებისთვისო" - გადმოგვცეს აიპის ხელმძღვანელის დანაბარები.

 

ამის შემდეგ ინფორმაციის მიღება, უშუალოდ, საფინანსო განყოფილებიდან ვცადეთ. გაერთიანების ბუღალტერი მარი ჩეჩელაშვილი უკვე თანხების გადარიცხვას იწყებდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე დაგვარწმუნა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა იმ ფაქტით, თვით აიპის თანამშრომლებს თუ ჰქონდათ უკვე აღებული ხელფასი. აღმოჩნდა, რომ ,,რეორგანიზაციას" მათი ხელფასების გაცემაზე არ უმოქმედია, ხოლო კუთვნილი შრომის ანაზღაურება არ დაგვიანებიათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები