ახალი ამბები
,,ამან გაათავისუფლა ჩემი შვილი" - ჩივილი გუბერნატორთან

 

,,ამან გაათავისუფლა ჩემი შვილი, ამან ჩაჭრა გასაუბრებაზე ჩემი შვილი" - ეუბნებოდა ია ქვლივიძის მამა გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს. ჩივილის ადრესატი კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილია.

 

გამგებელი საყვედურებს იქვე ისმენდა. მოქალაქის გაყვანას, ჯერ საკრებულოს წევრები ცდილობდნენ, შემდეგ გამგებლის მოადგილე ჯამბულატ ქამხაძე ჩაერთო.

 

,,პატივი ხომ გეცით, გაჩერდი ეხლა" - უთხრა გამგებლის მოადგილემ მოქალაქეს. ,,რა პატივი მეცი, ჩემი შვილი გაათავისუფლეს" - უპასუხა გაღიზიანებულმა მშობელმა.

 

აღნიშნული ინციდენტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს. განმარტებები ადგილზე არ გაკეთებულა. ამჟამად, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ ია ქვლივიძემ კანონით მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და საატესტაციო გამოცდებზე მეორედ აღარ გავიდა.

 

,,პირველ გამოცდებზე ვინც ჩაიჭრა, მათ უფლება ჰქონდათ, რომ განმეორებით გამოცხადებულ გამოცდებზე გასულიყვნენ. ქალბატონმა ია ქვლივიძემ ეს უფლება არ გამოიყენა" - აცხადებს გამგებელი.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რატომ გაათავისუფლეს, ფეხმძიმობის დროს, სპეციალისტი, გამგებელი განმარტავს, რომ პირველი გამოცდების პერიოდში ეს გათავისუფლება ყველას შეეხო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები