ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 13 სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობს
ფოტოზე: ბნავისის სკოლის ეზო სწავლის დაწყების დროს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 13 სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ განცხადებას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს. 

მისი თქმით, დღეიდან, იმ სკოლებს, სადაც აქამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, კიდევ 4 სკოლა დაემატა:

,,16 ნოემბრიდან, ორი კვირით, სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის პატარა გარეჯვრის, სათემოს, ბნავისის და ზერტის საჯარო სკოლები." - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი. 

დისტანციურ რეჟიმზე რჩება 9 სკოლაც: სკრის, შინდისის, ტინისხიდის, კარალეთის პირველი, კარალეთის მეორე, ქვახვრელის, ატენის, მეჯვრისხევის და პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლები.

რაც შეეხება სკოლებს, სადაც პროცესი ნორმალურ პირობებში აღდგა, ესენია: ხელთუბნის, რეხის, შავშვების, სვენეთის და წითელუბნის საჯარო სკოლები.

,,იქ, სადაც სკოლის შენობებშია სწავლა, არც ერთი პირი არ დაიშვება სკოლაში რესპირატორული სიმპტომებით. ვისაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაქვთ,დარჩით სახლში! თვითიზოლაციაში მყოფი პედაგოგი დისტანციურად ატარებს თავის საგანში გაკვეთილებს, თუ ჯანმრთელობა აძლევს ამის საშუალებას. სხვა შემთხვევაში სკოლა დროებით ჩაანაცვლებს მას. ხელფასზე ეს არ აისახება" - განმარტა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები