ახალი ამბები
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციას შეხვდება
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ როკერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ შეხვედრა უკვე ჩაინიშნა.

ოპოზიციის წარმომადგენლების ცნობით, შეხვედრა "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს გაიმართება.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს, ის უკვე დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს.

პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები