ახალი ამბები
17:00 საათის მონაცემებით ხაშური-ქარელის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26%-ია
დღეს, მეორე ტურში, ხაშური-ქარელის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია.

17 საათზე, ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო უბნებთან მისულია 26871 მოქალაქქე, რაც საერთო ამომრჩევლის 25.9%-ია. სულ ოლქში 103794 ამომრჩეველია.

პირველ ტურში, ანალოგიურ პერიოდში, მისული იყო 49253 ამომრჩეველი, ანუ 47.5%.

ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაგო ლაცაბიძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

დღეს, ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტინში მხოლოდ ორი კანდიდატის - ზაალ დუგლაძისა და ნატო ჩხეიძის სახელი და გვარი ხვდება. იმის გამო, რომ ხაშური-ქარელის ოლქში, არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტური დაინიშნა.

როგორც ჩხეიძის შტაბის წევრმა qartli.ge-ს განუცხადა, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ.

"ჩვენი კანდიდატი არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. არც ხვალინდელი დღის გაპროტესტებას ვაპირებთ რაიმე ფორმით. მეტსაც გეტყვით ჩვენი შტაბი დაკეტილი იქნება" აღნიშნა მაია ახვლედიანმა.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ნატო ჩხეიძემ სპეციალური მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან მხარდამჭერებს უთხრა, რომ არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ხაშური-ქარელის ოლქში, სადაც 103 798 ამომრჩეველი იყო, კენჭისყრაში მონაწილეობა 60 942 მოქალაქემ მიიღო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციიდან" ნატო ჩხეიძემ ხმების 29.62% (17 362) დააგროვა, ხოლო "ქართული ოცნებიდან" ზაალ დუგლაძემ 49.34% (28 918 ).

გაერთიანებული ოპოზიცია თვლის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩეევნები გაყალბდა, ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ. ოპოზიციური პარტიების საერთო გადაწყვეტილებით ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს.

ასევე, მათი გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს არ ჩაატარებენ ერთობლივ აქციას და ყველა პარტია ინდივიდუალურად შეიმუშავებს სტრატეგიას.

ოპოზიცია იმასაც აღნიშნავს, რომ გამარჯვებული კანდიდატები პარლამენტში არ შევლენ და ბრძოლას ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ისევ გააგრძელებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები